წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც კბილის იმპლანტები და პროთეზები სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება. ეს აღარ არის ფანტასტიკა: იაპონელი მეცნიერები მუშაობენ რევოლუციურ პრეპარატზე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში ახალი, ბუნებრივი კბილების ამოსვლის პროცესის სტიმულირება შეუძლია. როგორც გამოცემა Popular Mechanics იტყობინება, ტექნოლოგიამ ადამიანებზე კლინიკური გამოცდის პირველი ფაზა უკვე წარმატებით გაიარა.
მეცნიერების იდეა ეფუძნება ორგანიზმში სპეციფიკური ცილის - USAG-1-ის ბლოკირებას. ეს ცილა კბილების განვითარებაში მონაწილეობს და, მკვლევართა აზრით, ერთგვარი "მუხრუჭის“ როლს ასრულებს - აფერხებს ახალი კბილების ფორმირებას.
ცხოველებზე ჩატარებულმა წინასწარმა ექსპერიმენტებმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა: ამ ცილის დათრგუნვის შემდეგ, თაგვებს ახალი კბილები ამოუვიდათ.
ამ წარმატების საფუძველზე შეიქმნა პრეპარატი TRG035. მის პირველ კლინიკურ კვლევაში 30 ჯანმრთელი მამაკაცი (30-დან 65 წლამდე) მონაწილეობდა, რომელთაც მინიმუმ ერთი ძველი კბილი აკლდათ. პირველი ფაზის მთავარი მიზანი პრეპარატის უსაფრთხოების და სხვადასხვა დოზის ეფექტურობის შემოწმება იყო.
"ახალი კბილების გაზრდის იდეა - ყველა სტომატოლოგის ოცნებაა. ამ საკითხზე ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროიდან ვმუშაობ და ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ იდეის რეალობად ქცევას შევძლებდი“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი კაცუ ტაკაჰაში.
ამასთანავე, მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ახალი მეთოდი მკურნალობის ალტერნატიული გზა უნდა გახდეს და არა ტრადიციული მეთოდების სრული შემცვლელი. მისი თქმით, მიზანია, რომ მომავალში კბილების აღდგენის ეს პრეპარატი მესამე არჩევანი იყოს პროთეზებისა და იმპლანტების გვერდით.
კარიესის, ტრავმების ან ასაკის გამო კბილდაკარგული ადამიანები არ იქნებიან პირველები, ვისზეც ამ წამალს გამოცდიან. კომპანია Toregem BioPharma გეგმავს, პრეპარატი პირველ რიგში გამოიყენოს თანდაყოლილი ადენტიის (რამდენიმე მუდმივი კბილის არქონის) სამკურნალოდ. ეს საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და მოსახლეობის დაახლოებით 0.1%-ში გვხვდება.
მიუხედავად ოპტიმისტური დასაწყისისა, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ იმის მყარი მტკიცებულება, რომ პრეპარატს ადამიანში სრულფასოვანი, სწორად განლაგებული და ფუნქციური კბილის გაზრდა შეუძლია. წინ კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაა, რომელიც იაპონიაში ჩატარდება და რისთვისაც კომპანიამ უკვე მოიზიდა ახალი დაფინანსება.
Toregem BioPharma-ს გეგმით, ტექნოლოგია პრაქტიკულ მედიცინაში 2030 წლისთვის უნდა დაინერგოს. თუმცა, ეს თარიღი ჯერჯერობით მხოლოდ მიზანია და არა გარანტია, რადგან წინ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.