გთხოვთ, გვერდით დამიდექით ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი - გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს, - ასე მიმართა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს.
ეკა კუპატაძემ ეკატერინე ხვედელიძეს ისტორიული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მისგან მხარდაჭერასა და უკუკავშირს მიიღებს, რაც, მისი შეფასებით, სამართლიან და გონივრულ გადაწყვეტილებას შეუწყობს ხელს.
"ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს.
ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, - მიმართა ეკა კუპატაძემ.