კვიპროსის პატარა და ჩვეულებრივ მშვიდ დასახლება ქსილოფაგუში მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი კუნძული და საერთაშორისო საზოგადოება შოკში ჩააგდო.
მომხდართან დაკავშირებით ბრიტანული სამხედრო ბაზების სასამართლომ ბავშვების 30 წლის მამას და მის 38 წლის პარტნიორს სამდღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წყვილი სასამართლოს წინაშე ხელბორკილებითა და აშკარა შოკურ მდგომარეობაში წარსდგა, მათ წინააღმდეგ გამოძიება კი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
ამბავი, რომელიც ასეთი ფატალური შედეგით დასრულდა, მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. ბავშვების მამა, რომელიც კვიპროსში მუშაობს, თავად გაემგზავრა ბულგარეთში, რათა შვილები კუნძულზე არდადეგების გასატარებლად ჩაეყვანა.
მეზობლებისა და ნაცნობების თქმით, არაფერი მოასწავებდა იმ საშინელებას, რაც კვირა დღეს დატრიალდა. დილით ადრე მამა ლიმასოლში გაემგზავრა სამუშაოდ, მალევე კი სახლიდან მისი მეუღლეც გავიდა. ძმები ბინაში სრულიად მარტო დარჩნენ, რამაც მათ საშუალება მისცა, გარეთ სათამაშოდ გამოსულიყვნენ.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, ბავშვები საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, მინდორში გაჩერებულ ავტომობილში შევიდნენ. კვიპროსში ამ პერიოდში პიკური სიცხეებია და ტემპერატურა ხშირად 39 გრადუსს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურულ სალონში ჰაერი მომენტალურად, გაუსაძლის დონემდე ხურდება.
სავარაუდოდ, ბავშვებმა შიგნიდან კარის გაღება ვეღარ შეძლეს და მახეში აღმოჩნდნენ. საღამოს, დაახლოებით ხუთის ნახევარზე, სამსახურიდან დაბრუნებულმა დედინაცვალმა ბავშვები მანქანაში აღმოაჩინა. ვინაიდან ტრანსპორტის გასაღები მამას ჰქონდა, ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებსა და პოლიციას ფანჯრების ჩამსხვრევა მოუწიათ. სამწუხაროდ, ექიმებს მხოლოდ სიკვდილის ფაქტის დაფიქსირება შეეძლოთ – ბავშვების სხეულებზე არსებული დამწვრობის კვალი იმაზე მიუთითებდა, რომ მათ მცხუნვარე სალონში რამდენიმე საათი გაატარეს.
სასამართლო პროცესი ინგლისურ ენაზე წარიმართა და სინქრონულად ითარგმნებოდა ბერძნულ და ბულგარულ ენებზე, რათა დაკავებულებს პროცესის მიმდინარეობა სრულად გაეგოთ. მამის ადვოკატმა პატიმრობის შეფარდება გააპროტესტა, ხოლო დედინაცვლის დამცველს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
გამომძიებლების თქმით, საქმეზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ ბევრია. პოლიციამ უკვე ამოიღო ახლომდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერების მასალა, სადაც ჩანს, როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში. თუმცა, ვინაიდან კამერები მოძრაობაზე აქტიურდება, ჩანაწერებში გარკვეული წყვეტებია, რის გამოც დახმარებისთვის კვიპროსის რესპუბლიკის ტექნიკურ ექსპერტებს მიმართეს.
გარდა ამისა, ექსპერტიზა ჩაუტარდება თავად ავტომობილსაც. გამომძიებლები აპირებენ დაუკავშირდნენ მანქანის მწარმოებელ ბრენდს, რათა დაადგინონ, ხომ არ ჰქონდა კარის ჩამკეტ მექანიზმს რაიმე ქარხნული დეფექტი, რამაც ბავშვებს თავის დაღწევის შანსი წაართვა.
ამ ეტაპზე საქმეზე 25-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება. ყველა მათგანი კვიპროსში იმყოფება, გარდა გარდაცვლილი ბიჭების დედისა, რომელიც ბულგარეთშია და მისგან ჩვენების მისაღებად კვიპროსული მხარე ბულგარელ სამართალდამცავებს ოფიციალურად მიმართავს. პოლიციამ ასევე ამოიღო მშობლების მობილური ტელეფონები დეტალური შემოწმებისთვის.
უახლოეს საათებში ბავშვების ცხედრებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ, რაც საბოლოოდ დაადგენს სიკვდილის ზუსტ მიზეზსა და იმ დროის მონაკვეთს, რომელიც ძმებმა ჩაკეტილ სივრცეში გაატარეს. ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარით შეძრწუნებულია და ტრაგედიის ადგილთან, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მოქალაქეები დღემდე იკრიბებიან.