ავტორი:

"დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცია" - ახალგაზრდული კეთილდღეობის ცენტრში ცეცხლი გახსნეს: დეტალები გერმანიიდან

"დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცია" - ახალგაზრდული კეთილდღეობის ცენტრში ცეცხლი გახსნეს: დეტალები გერმანიიდან

ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ შტადეში, ახალგაზრდული კეთილდღეობის ცენტრში მომხდარ სროლას, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცია. მათგან ხუთი ადგილზე გარდაიცვალა, მეექვსე კი საავადმყოფოში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

  • ტრაგედია ორშაბათს, ჰამბურგის პორტთან ახლოს მდებარე შტადეში მოხდა. პოლიციის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდული კეთილდღეობის ცენტრის თანამშრომლები იყვნენ.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია სრულად გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ კრიმინალისტები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და სპეციალური დანიშნულების პოლიციელები.

პოლიციამ თავდაპირველად ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის სავარაუდო მსროლელი, მოგვიანებით კი დაადასტურა, რომ საქმეზე მესამე ეჭვმიტანილიც დააკავეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი 45 წლის გერმანიის მოქალაქეა, რომელიც თურქული წარმოშობისაა. გამოძიების ვერსიით, ის სამი თვის ქალიშვილის მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში იყო ჩართული.

გამომძიებლების განცხადებით, შემთხვევა ტერორიზმს, პოლიტიკურ მოტივს ან ფემიციდს არ უკავშირდება. მათი შეფასებით, საქმე, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ტრაგიკულ განვითარებას ეხება. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Der Spiegel-იც, რომლის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურები თავდასხმას კერძო დავას უკავშირებენ.

გერმანიაში მსგავსი მასობრივი თავდასხმები იშვიათია, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. 2023 წელს ჰამბურგში იეჰოვას მოწმეების სალოცავ დარბაზში შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 2016 წელს კი მიუნხენში 18 წლის თავდამსხმელმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.