ავტორი:

ძლიერი აფეთქება მონაკოს მდიდრულ აპარტამენტში - უკრაინელი მილიარდერი სიცოცხლისთვის იბრძვის, მისმა მეუღლემ ორივე ფეხი დაკარგა: დეტალები

ძლიერი აფეთქება მონაკოს მდიდრულ აპარტამენტში - უკრაინელი მილიარდერი სიცოცხლისთვის იბრძვის, მისმა მეუღლემ ორივე ფეხი დაკარგა: დეტალები

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლისთვის იბრძვის მას შემდეგ, რაც მონაკოს მდიდრულ აპარტამენტში ნამსხვრევებით სავსე ზურგჩანთა-ბომბი აფეთქდა.

შემთხვევა ორშაბათ ღამით მოხდა. ვადიმ ერმოლაევი (ასევე ცნობილი როგორც ვადიმ იერმოლაევი) მძიმედ დაშავდა. თავდასხმის სამიზნე ბიზნესმენი, მისი მეუღლე და მოზარდი ვაჟი გახდნენ. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ მძიმე კადრებში ჩანს სისხლით მოსვრილი შესასვლელი საცხოვრებელ კომპლექსში Sun's Palace, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის საზღვართან ახლოს. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ჭანჭიკებითა და ქანჩებით სავსე ზურგჩანთა აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიცია ისევ ეძებს ეჭვმიტანილს. დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. უკრაინელი მილიარდერი მსხვერპლთა შორის რამდენიმე წყარომ და საინფორმაციო საიტმა, მათ შორის Monaco Matin-მა დაასახელა. მან სამშობლო რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

მეორე მსხვერპლი, 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ერმოლაევის მეუღლე ანაა. თვითმხილველების თქმით, მას „ფეხები მოგლეჯილი ჰქონდა“ და აფეთქების შემდეგ სისხლში ცურავდა. მესამე მსხვერპლი 13 წლის ბიჭია - სავარაუდოდ, წყვილის ოთხი შვილიდან ერთ-ერთი. ვარაუდობენ, რომ სამივე მათგანი შენობის შესასვლელში იმყოფებოდა, როდესაც ბომბი ამოქმედდა.

გამოძიების დეტალები და ძებნის პროცესი

ბომბი დატოვა მამაკაცმა, რომელსაც შავი ქუდი, სპორტული ქურთუკი, თეთრი ჯინსი და თეთრი კედები ეცვა. ფრანგულმა გაზეთმა Le Figaro-მ განაცხადა, რომ ვიდეომეთვალყურეობის კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს მამაკაცი ჩანთას შენობის შესასვლელთან, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, როგორ გარბის სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან.

მონაკოს პოლიციამ ეჭვმიტანილზე ძებნა უკვე გამოაცხადა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ „დამნაშავის დასაკავებლად, რომელიც მიიმალა“.

მონაკოს მთავრობის წარმომადგენელმა, ლიონელ ბეფრემ განაცხადა, რომ სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. სასწრაფო დახმარების სამსახურმა კიდევ ოთხ ადამიანს გაუწია დახმარება, რომლებმაც შოკი მიიღეს და აფეთქების შედეგად ჩამსხვრეული მინებით მსუბუქად დაშავდნენ.

მონაკოს სახელმწიფო მინისტრმა, კრისტოფ მირმანმა განაცხადა:

„აფეთქებული მოწყობილობა, სავარაუდოდ, შეიცავდა ჭანჭიკებსა და ნამსხვრევებს. ჩემი ინფორმაციით, სამთავროში ასეთი შემთხვევა ისტორიაში პირველად მოხდა.“მონაკოს პრინცმა ალბერტ II-მ მომხდარს „საძაგელი დანაშაული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის „შოკი მთელი მონაკოს საზოგადოებისთვის“.

ვინ არის ვადიმ ერმოლაევი?

ერმოლაევი ერთ-ერთია იმ დაახლოებით 100 უკრაინელ ოლიგარქს შორის, რომლებიც რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთის რივიერაზე დასახლდნენ. მან ქონება დნიპროში, უძრავი ქონების დეველოპმენტით დააგროვა. მისი კომპანია Alef Group ასევე დაკავებული იყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებით ყირიმში.

2019 წელს მან კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო. 2023 წლის დეკემბერში უკრაინამ მას სანქციები დაუწესა და აქტივები შეუზღუდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამდიდრებული მრავალი ოლიგარქის მსგავსად, მასაც ადანაშაულებდნენ კრიმინალურ საქმიანობასა და ფულის გათეთრებაში, რასაც თავად უარყოფს.

ერმოლაევსა და მის მეუღლე ანას, რომელიც სტომატოლოგი და ქველმოქმედია, ოთხი შვილი ჰყავთ. ბოლო წლებში ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა მონტე-კარლოში, სადაც ისინი საკმაოდ ცნობილები იყვნენ.

წყარო