26 ივნისს, კაფე „მზიურში“, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი სამაგიდო თამაშის -„შაირობის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეებს თამაშის ავტორმა, გიორგი გვიშიანმა, „შაირობის“ შექმნის იდეაზე, განვითარების პროცესსა და იმ გზაზე უამბო, რომელმაც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ინტერაქციულ სამაგიდო თამაშად აქცია.

მისი თქმით, მთავარი მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ გაცოცხლება და მისი ახალი, სახალისო ფორმით გაცნობა იყო:
„ეს თამაში არის საშუალება, რომ უფრო კარგად გაიცნონ, უფრო გაითავისონ და შეიყვარონ „ვეფხისტყაოსანი“, გაერთონ მისი კითხვით, მასთან ურთიერთობით.
იდეა გაჩნდა საკმაოდ დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც ქართული სამაგიდო თამაშების სიმწირე აღმოვაჩინე. რეალურად, სხვა თამაშზე ვმუშაობდი - უფრო დიდ, ნამდვილ, კლასიკურ სამაგიდო თამაშზე, რომელსაც „ქაჯეთის ციხე“ ეწოდება და ასევე „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზეა შექმნილი. „შაირობის“ იდეა სწორედ მასზე მუშაობის დროს დაიბადა და მე ვფიქრობ, რომ გაამართლა, რადგან ვინც ითამაშა, მოეწონა“, - აღნიშნა გიორგი გვიშიანმა.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ პროექტზე მომუშავე „პალიტრა სტუდიის“ ილუსტრატორებსა და მხატვრებს, გაეცნოთ თამაშის ვიზუალური კონცეფციის შექმნის პროცესი და თავადაც ეთამაშათ „შაირობა“.
სალომე კეჩხუაშვილი - „პალიტრა სტუდიის“ ილუსტრატორმა, რომელმაც „შაირობაზე“ იმუშავა:
„ეს არის „შაირობის“ დიზაინის შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან მიყვარს. შთაგონებისთვის ვათვალიერებდი მე-12 საუკუნის წიგნებს. შემდეგ კი უბრალოდ დავხატე და საბოლოო ჯამში, ეს ექსპრომტად დახატული ნამუშევრები აღმოჩნდა წიგნის გარეკანსა და ბარათებზე.
მუშაობისას ცოტა წნეხს ვგრძნობდი, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, მაგრამ ამავდროულად, ეს ჩემთვის გამოწვევაც იყო. ჩემთვის პოემა ასოცირდება ციურ სხეულებთან და დიზაინში ეს თემა გამოვიყენე. ციური სხეულები თამაშის დინამიკაშიც მნიშვნელოვანია. დაახლოებით ორი თვე დამჭირდა, რომ ყველაფერს საბოლოო სახე მიეღო“, - აღნიშნა მან.

ღონისძიების მთავარი ნაწილი დაეთმო თამაშს, რომელშიც შეკრებილი აუდიტორია აქტიურად ჩაერთო. თამაშის ბოლოს გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომლებსაც სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

თამაშის შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L“-ის ვებგვერდზე და „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში.
ონლაინ შესაძენად მიჰყევით ბმულს.


R