ავტორი:

ნატა ფერაძე ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს

ნატა ფერაძე ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე დავით მაკარაძემ სამოქალაქო აქტივისტი, ემიგრაციაში მყოფი ნატა ფერაძე 3000 ლარით დააჯარიმა. მას შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ბერა ივანიშვილის, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შეურაცხყოფას, წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

სასამართლო სხდომა, რომელსაც მხოლოდ შსს-ს წარმომადგენელი სალომე ქირია ესწრებოდა, 5 წუთს გაგრძელდა.

მოსამართლე დავით მაკარაძემ გადაწყვეტილება ნატა ფერაძის დაჯარიმების შესახებ ასე დაასაბუთა:

"რაც შეეხება მის პიროვნებას, ქალბატონი ნატალია რამდენიმე თვის წინ ასევე დაჯარიმებულია 173-ე 16 პრიმა მუხლის თანახმად, 4000 ლარით... ის მიდრეკილია მსგავსი ქმედებისკენ. ამასთანავე, როდესაც მას ჩაბარდა უწყება, ჩანს, რომ აშკარად მწყრალადაა ზრდილობასთან და კულტურასთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ მაქსიმალური ჯარიმა იქნა გამოყენებული“.

ნატა ფერაძეს სოციალურ ქსელში ტექსტით "იძი ნა *** **ო“, გაზიარებული ჰქონდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ქარდი ბერა ივანიშვილის ციტატით.