ბიზნესის მხარდაჭერის კომპლექსური ხედვა, ინოვაციური მიდგომები და ტექნიკის ფართო არჩევანი „თეგეტა ჰოლდინგმა“ პარტნიორებსა და საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს რეგიონის უმსხვილეს სერვისცენტრში წარუდგინა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური აღჭურვილობით გამორჩეულ გეზის ფილიალში, რომელიც მძიმე და სატვირთო ავტომობილებს ემსახურება, 150-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა.

შეხვედრის მიზანი იყო საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურაზე მორგებული პროდუქტების წარდგენა და, ამასთანავე, ჩინური ბრენდის, FAW-ის, ტექნიკის შესაძლებლობების გაცნობა. მსოფლიოში ცნობილ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ ოფიციალურად წარმოადგენს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ავტოპარკის ფლობის თანამედროვე გამოცდილებაც - ციფრული პლატფორმა Tegeta One, რომელიც დანახარჯების ერთ სივრცეში კონტროლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ტექნიკის შეძენა, მთავარი გამოწვევაა მისი ეფექტიანი ფლობა, მართვა და უწყვეტი მუშაობა. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ მიდგომა ეფუძნება ფლობიდან მოხმარების მოდელზე გადასვლას, სადაც მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ საოპერაციო გადაწყვეტას: ფლიტ მენეჯმენტს, დაფინანსების მოქნილ ინსტრუმენტებს, Tegeta One-ის ციფრულ კონტროლს ავტოპარკის მდგომარეობასა და ხარჯებზე, მთლიანი ფლობის ღირებულების ანალიზს, საბურავებში ერთიანი შესყიდვის ნაცვლად თანხის გადახდას კილომეტრზე.
ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ ხარჯების მაქსიმალურ კონტროლში, დაუგეგმავი გაჩერებების შემცირებაში და ტექნიკის პროდუქტიულობის ზრდაში. ასეთი კომპლექსური მიდგომა ბიზნესმენს აძლევს შესაძლებლობას, წლიურ ჭრილში დაახლოებით 18-20%-მდე შეამციროს ტექნიკის ფლობისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები და ამავე დროს გაზარდოს ოპერაციული ეფექტიანობა და საკუთარი ბიზნესი“.

„თეგეტამ“ მომხმარებლებს საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის ტერიტორიაზე მოწყობილ ექსპოზიციაზე MAN-ის, Renault Trucks-ის, JCB-ს, Bomag-ის, Liebherr -ის, XCMG-ს FAW-ის საგზაო და სამშენებლო სექტორისათვის განკუთვნილი მოდელები წარუდგინა. სტუმრებმა ინფორმაცია საავტომობილო პროდუქტებთან დაკავშირებითაც მიიღეს. ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თანამედროვე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბაზარზე ტექნიკის გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია პროექტების ვადებსა და კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასთან. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბიზნესს მივაწოდოთ არა უბრალოდ მაღალი კლასის მძიმე ტექნიკა, არამედ სრული, გრძელვადიანი საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ორიგინალი ნაწილებისა და უმაღლესი ხარისხის საავტომობილო მასალების მუდმივ ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ოპერატიული მომსახურებითა და 360-გრადუსიანი სერვისით ჩვენს პარტნიორებს ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის წარმართვა. ამ მიზანს ემსახურება Tegeta One-იც, პლატფორმა, სადაც თავს იყრის ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ცალკეული ავტომობილისა თუ სრული ავტოფლოტის გადაადგილების, მდგომარეობის ან საწვავის მოხმარების შესახებ. ასევე ბიზნესი მუდმივად საქმის კურსშია საკუთარი ავტოპარკის ტექნიკური გამართულობისა თუ აუცილებელი სერვისის თაობაზე“.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩინური უმსხვილესი ავტომწარმოებლის FAW-ის ტექნიკის წარდგენა. ბრენდი, რომელიც მძიმე და სატვირთო ტექნიკას 1953 წლიდან აწარმოებს, „თეგეტას“ პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა. გამძლეობითა და ეკონომიური ეფექტიანობით გამორჩეული ტექნიკა საქართველოს ბაზრისათვის უკვე ხელმისაწვდომია. გეზის ფილიალში სტუმრებისათვის FAW-ის წარმოების თვითმცლელი და ბეტონის შემრევი იყო გამოფენილი.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ქართულ საავტომობილო ბაზარზე FAW-ის გამოჩენა სამშენებლო და საგზაო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ტექნიკა გათვლილია რთულ საოპერაციო პირობებზე და მაღალი საინჟინრო სანდოობით გამოირჩევა. ეს არის ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსი და ამ ბრენდზე არჩევანის გაკეთება საწვავის ოპტიმალურ ხარჯსა და მინიმალურ საექსპლოატაციო დანახარჯებს ნიშნავს.
ჩვენ გვსურს, მომხმარებელს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, რათა სხვადასხვა მოდელისა და სპეციფიკაციის ტექნიკის ხელმისაწვდომობით თითოეულმა ბიზნესმა კონკრეტულად თავის საჭიროებებზე მორგებული, უალტერნატივო გადაწყვეტილება იპოვოს“.
ღონისძიებაზე „თეგეტამ“ პარტნიორებს მიწოდების მოკლე ვადები, საოპერაციო ლიზინგის მოქნილი პირობები და „თეგეტა ლიზინგის“ ეფექტიანი ფინანსური ინსტრუმენტებიც შესთავაზა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) ანალიზსაც, რამაც ნათლად აჩვენა, რატომ არის პრემიუმ პროდუქტები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მოგებიანი. ხარჯების მაქსიმალური კონტროლისთვის კი სტუმრებს საბურავების მიმართულებით დანერგილი PPK (ფასი კილომეტრზე) მოდელი გააცნეს, რაც ბიუჯეტის ზუსტი დაგეგმვის გარანტიაა.

სტუმრებმა სიახლის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, გეზის ფილიალში სულ მალე ახალი D ბლოკი გაიხსნება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მიკროავტობუსების სერვისსა და შესაბამის პროდუქტებზე, რაც ცენტრის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გააფართოებს.
NS