ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ბაქტერიული ტოქსინები, რომლებსაც ანტარქტიდაში შესწავლილი პაწაწინა საზღვაო ორგანიზმები გამოიმუშავებენ, შესაძლოა, მელანომის - კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის ეფექტურ სამკურნალო საშუალებად იქცეს, -. ამის თაობაზე წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის (USF) ჯგუფი ახლახან დაბრუნდა ექვსკვირიანი ექსპედიციიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შორეული რეგიონიდან, სადაც მათ ასციდიების ნიმუშები შეაგროვეს.
ასციდიები უხერხემლო ცხოველები არიან, რომლებსაც "ზღვის შხეფებსაც“ (sea squirts) უწოდებენ და რომლებიც ყინულოვან წყლებში ბინადრობენ.
ბილ ბეიკერმა, USF-ის ქიმიის პროფესორმა, აღნიშნა, რომ ტოქსინები, რომლებსაც ასციდიები მტაცებლებისგან თავდასაცავად გამოყოფენ, შესაძლოა "ახალი დანიშნულებით იქნას გამოყენებული“. მისი გუნდის მიერ უკვე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებამ თაგვებში მელანომის უჯრედები გაანადგურა.
"კარგი ამბავი ის არის, რომ თაგვები არ დახოცილან. მან გაანადგურა მათი კიბო, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ფიზიოლოგიური თვისებები, რათა მედიკამენტის მსგავსად იმოქმედოს. ახლა გრამობით მასალა გვჭირდება თაგვებზე უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩასატარებლად, შესაძლოა, ცხოველების სხვა მოდელებზე გადასასვლელად და თუ უსაფრთხოებას დავამტკიცებთ, რეალურად შევძლებთ ადამიანებზე კლინიკური გამოცდის დაწყებას", - ,“ - თქვა მან.
ბეიკერმა აღიარა, რომ ადამიანებში გამოსაყენებლად დამტკიცებული, უსაფრთხო და ეფექტური ანტიმელანომური პრეპარატის შექმნის გზა გრძელია. ეს მოითხოვს მკაცრად რეგულირებულ და მზარდ კლინიკურ გამოცდათა სერიას მას შემდეგაც კი, რაც წამლის ფორმულა საბოლოოდ შეიქმნება.
თუმცა, პროფესორის თქმით, ექსპედიციის დროს მიღებულმა ცოდნამ, რომლის ფარგლებშიც მყვინთავთა ჯგუფები 40 მეტრამდე (130 ფუტი) სიღრმეზე ყოველ ჯერზე დაახლოებით ნახევარი საათით ეშვებოდნენ, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააჩქაროს ეს ვადები.
ბენ მაისტერმა, USF-ის პროფესორმა და ამ ექსპედიციის ყვინთვის უსაფრთხოების ოფიცერმა (რომელიც დაფინანსებული იყო აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ), აღნიშნა, რომ წყლის ტემპერატურა მხოლოდ ერთ-ერთი გამოწვევა იყო, რომლის გადალახვაც მის გუნდს მოუწია.
ბეიკერის თქმით, მოგზაურობიდან "გამოფიტულები“, მაგრამ პროექტის ლაბორატორიული ეტაპით აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ. ეს ეტაპი ტოქსინის სინთეზურად რეპროდუცირების მცდელობასაც მოიცავს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ტოქსინების ონკოლოგიასთან ბრძოლის უნარზე ეჭვი დიდი ხანია ჰქონდათ, თუმცა ახლა უკვე უკეთ ესმით, თუ როგორ ცხოვრობს მელანომის გამანადგურებელი ბაქტერია მიკროორგანიზმის შიგნით და როგორია მათ შორის ეკოლოგიური ურთიერთკავშირი.