აშშ-ის ფლორიდის შტატში 31 წლის ბრიტანი კლარკი ალიგატორის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გამოძიების მასალებში მისი სიცოცხლის ბოლო წუთების შემზარავი დეტალებია აღწერილი.
ტრაგედია კვირას, ცენტრალურ ფლორიდაში, Little Big Econ State Forest-ის ტერიტორიაზე მოხდა. ბრიტანი კლარკი მეგობარ მამაკაცთან, ჩენს ელისონთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად ლაშქრობდა. დაახლოებით 13:30 საათზე მათ მდინარე Econlockhatchee River-ში ბანაობა გადაწყვიტეს.

მედიკოს-ექსპერტის ანგარიშში, რომელიც Daily Mail-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ ალიგატორმა ქალს ჩაავლო და ე.წ. “სიკვდილის ბრუნვა“ (death roll) დაიწყო. ეს მეთოდია, რომელსაც ალიგატორები მსხვერპლის დასამორჩილებლად იყენებენ – სხეულს სწრაფად ატრიალებენ და ცდილობენ ადამიანი წყალში ჩაძირონ.

მისი გადარჩენა შეყვარებულმა სცადა, ის ალიგატორს დაეჭიდა და ცდილობდა, თუმცა შეტაკების დროს მტაცებელმა ორივე მათგანი წყლის ქვეშ ჩაითრია.

შემზარავი შემთხვევის დროს ჩაწერილ 911-ის აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება ელისონი ოპერატორს, რომ ჯერ კიდევ ცდილობს, ქალის ხელები ალიგატორის პირიდან გამოათავისუფლოს.
ცოტა ხანში ის სასოწარკვეთილი ყვირის: “ორივე ხელი... ორივე ხელი აღარ აქვს!“
ქალის მეგობარი კი ოპერატორს ეუბნება, რომ ერთი ხელი მხოლოდ “ძაფზე ეკიდა“.
როდესაც ოპერატორმა ჰკითხა, მეორე ხელი სად იყო, პასუხი მოკლე იყო: “აღარ არის.“
ალიგატორმა ბოლოს უკან დაიხია, რის შემდეგაც მათ ბრიტანის წყლიდან გამოყვანა შეძლეს.

შემთხვევის შემდეგ გარემოს დაცვის სამსახურმა 12-ფუტიანი (დაახლოებით 3,7-მეტრიანი) ალიგატორი იპოვა და მოკლა. ოფიციალური ინფორმაციით, ცხოველს თავი მოჰკვეთეს და მტკიცებულების სახით შეინახეს.
ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცენტრალურ ფლორიდაში ალიგატორის თავდასხმის მესამე შემთხვევაა. ერთი კვირით ადრე მსგავსი თავდასხმა Rainbow River-ზე დაფიქსირდა, ხოლო შაბათს იმავე რეგიონში ალიგატორმა ბავშვიც დააზიანა.
ფლორიდის ველური ბუნების კომისიის ინფორმაციით, ადამიანებზე ალიგატორების თავდასხმები იშვიათია, თუმცა გამრავლების სეზონზე – აპრილიდან ივნისის ბოლომდე – ისინი გაცილებით აგრესიულები და ტერიტორიის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი ხდებიან.
იხილეთ ასევე: