ავტორი:

კარიერის დასრულების მიუხედავად, ელტონ ჯონის მეგა შოუები გაგრძელდება - ლას-ვეგასში ლეგენდარული მუსიკოსის ჰოლოგრამა კონცერტს გამართავს

კარიერის დასრულების მიუხედავად, ელტონ ჯონის მეგა შოუები გაგრძელდება - ლას-ვეგასში ლეგენდარული მუსიკოსის ჰოლოგრამა კონცერტს გამართავს

ლეგენდარული მუსიკოსი სერ ელტონ ჯონი ლას-ვეგასში სრულიად ახალი ფორმატის შოუთი ბრუნდება, თუმცა ამჯერად სცენაზე თავად არ იდგება. 79 წლის არტისტმა Hard Rock-თან მრავალმილიონიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მისი ჰოლოგრამა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეიქმნება.

პროექტის მიზანია, მაყურებლებმა ელტონ ჯონის კონცერტებით კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ისიამოვნონ. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა 2023 წელს გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ აქტიური საგასტროლო კარიერა დაასრულა.

  • ახალ შოუში ელტონ ჯონს ჰოლოგრამის სახით შეუერთდება ბრიტანელი პოპვარსკვლავი დუა ლიპა.

ინტერაქტიული წარმოდგენა ლას-ვეგასის ახალ Hard Rock Hotel-ში გაიმართება, რომლის გახსნაც მომავალ ზაფხულს იგეგმება. ელტონ ჯონის, დუა ლიპასა და კიკი დის ჰოლოგრამებისთვის საჭირო გადაღებები კი ამ შემოდგომაზე, ბრიტანეთის Pinewood Studios-ში ჩატარდება.

წყაროს ინფორმაციით, პროექტი ვიზუალურად ლონდონის ცნობილი ABBA Voyage-ის შოუს ჰგავს, თუმცა ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული.

წყარო