თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე კომპანია შპს "ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს - გენერალურ დირექტორს, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანსა და უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მელიქიანი ამჟამად პატიმრობაშია, ტიმოშენკო კი ძებნაშია და მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს:
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს "ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს. კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, მათგან ერთი დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) სრულად ცნო დამნაშავედ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თემის ირგვლივ ambebi.ge-ს დაზარალებული სუროგაციის პროგრამაში მონაწილე ქალების ადვოკატი, კომპანია "საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ესაუბრა:

- საქმე დავიწყე როგორც "საფარის“ ადვოკატმა. თავდაპირველად მომმართა ერთმა ყაზახმა სუროგატმა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ კომპანიამ არ გადაუხადა თანხა. სუროგატი ქალები იყვნენ ყაზახები, უზბეკები, რუსები, უკრაინელები, სომხები და მათ შორის რამდენიმე ქართველიც. თავიდან კომუნიკაცია მქონდა 100-მდე ქალთან, მათ ნდობა არ ჰქონდათ, არ სჯეროდათ, რომ რაიმე შედეგამდე მივიდოდით, ამიტომ იქიდან სადღაც 25 ქალამდე დამთანხმდა. პირველი ქალისგან (რომელმაც თავიდან მომმართა) გავიგე, რომ "ქინდერლი ჯორჯიას“ უამრავი დაზარალებული ჰყავდა. სულ დაზარალებულია 40, აქედან 30 სუროგატი ქალია, 10 - ბიოლოგიური მშობელი, რომლებსაც დამატებით მოუწიათ თანხების გადახდა იმისთვის, რომ საკუთარი შვილები ქვეყნიდან გაეყვანათ. ანუ ამ საქმეში მსხვერპლადაა ცნობილი 10 ბიოლოგიური მშობელი, "ქინდერლის“ საქმეში ყველა ბიოლოგიური მშობელი ჩინეთის მოქალაქეა.
თვითონ "ქინდერლის“ ჰყავდა ორი დამფუძნებელი - უკრაინელი რუსლან ტიმოშენკო და სომეხი არმენ მელიქიანი. საჩივრების მიუხედავად, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, გენერალური პროკურატურიდან დავიწყე (2025 წლის იანვარში გავაგზავნე პირველი საჩივარი) და ვწერდი ყველგან, თუმცა არანაირი რეაგირება არ ხდებოდა, ჩემი საჩივრები სხვადასხვა სამმართველოებში და განყოფილებებში იგზავნებოდა.
- თავის დროზე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვდით ტრეფიკინგის მუხლით, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები?
- 2025 წლის მარტში დაიწყო გამოძიება, მაგრამ სულ სხვა მუხლით, შემდეგ, ივლისში, ჩემი საჩივრისა და მრავალი მოთხოვნის შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია ტრეფიკინგის მუხლით შეიცვალა. როცა ბრალის წარდგენა მოხდა, 2025 წლის ოქტომბერში აიყვანეს და დააკავეს არმენ მელიქიანი, იმავე დღეს მას ბრალი წარუდგინეს და ამ პერიოდში მუხლის კვალიფიკაცია ისევ შეიცვალა თანხის მითვისებით, ვინაიდან პროკურატურამ ჩათვალა, რომ ტრეფიკინგთან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ჩემი გადმოსახედიდან, ეს მაინც ტრეფიკინგია, მაგრამ ის, რომ დღეს საქმეზე სამართლებრივი შედეგი დაიდო, ძალიან მნიშვნელოვანია და პრეცედენტული საქართველოში იმიტომ, რომ სუროგაციასთან მიმართებაში სისხლის სამართლის კუთხით აქამდე არც ერთი სამართლებრივი წარმოება არ არსებობდა. ეს ალბათ იქნება მაგალითი და პრეცედენტი ყველა იმ კომპანიისთვის, იმ კლინიკებისთვის, რომლებიც სუროგაციას ახორციელებენ და ასევე, სახელმწიფოსთვის, რომელზეც არა ერთხელ მიმითითებია, რომ ქვეყანა საჭიროებს უფრო ერთიან საკანონმდებლო რეგულაციებს. სუროგაციის მთელი პროცესის განმავლობაში უნდა არსებობდეს კონტროლი იმ ქალების უფლებებზე და იმ დაბადებულ ბავშვებზე, რომლებზეც დღემდე არ ვიცით, რა სამართლებრივი სტატუსით არსებობენ საქართველოში, ვერ გაჰყავთ თუ არ გაჰყავთ ჩინელ მშობლებს, ან ვისაც მიჰყავთ, ჩვენ არ ვიცით, რეალურად ის ბიოლოგიური ოჯახი საჭიროებდა თუ არა შვილს სუროგაციის წესით და არ ვიცით ნამდვილად, საქართველოდან წაყვანილი ბავშვები შემდგომ ხომ არ არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი და ა.შ. აქედან გამომდინარე, საჭიროა სახელმწიფოს ჰქონდეს მკაცრი რეგულაციები და მეტი კონტროლი, თუნდაც არსებობდეს საქართველოში ნებადართული სუროგაცია, მაგრამ ეს იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან დაბადებულ ბავშვებთან მიმართებაში საქართველოს უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობა ექნება.
- ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თავად სუროგატი დედები რას ჰყვებიან თქვენთან?
- "ქინდერლი ჯორჯია“ 2024 წლის ბოლომდე შეიძლება გადახდებზე გადაცილებები ჰქონოდათ, მაგრამ თანხებს ანაზღაურებდნენ. კონტრაქტები იდებოდა ბიოლოგიურ მშობლებთან და "ქინდერლისთან“, სადაც ბიოლოგიური მშობელი იხდიდა სუროგაციის მთელი პაკეტის საზღაურს. მასში შედიოდა: სუროგატების მოძიება, მათი სამედიცინო მანიპულაციებისთვის გათვალისწინებული თანხები მთელი 9 თვის განმავლობაში, ბინის ქირის თანხები, ყოველთვიურად 400 დოლარი, კომუნალურები და ა.შ. საბოლოოდ, მშობიარობის შემდეგ კომპენსაცია იყო 16 ათასი დოლარიდან ზემოთ საჭიროებიდან გამომდინარე - ქალს თუ მშობიარობა გაუჭირდებოდა, გართულებები წავიდოდა, 16 ათასს 2000 დოლარი ემატებოდა. ზოგ ბიოლოგიურ მშობელს 50 ათასი, ზოგს - 80 ათასიც ჰქონდა გადახდილი. იყვნენ ისეთებიც, ვისაც გაცილებით მეტიც მოუწია, ვინაიდან კომპანია ატყუებდა, რომ ბიოლოგიური მშობელი დამატებით კიდევ თუ არ გადაიხდიდა, მას ბავშვს არ გაატანდნენ. სამწუხაროდ, მათ არ იცოდნენ კანონმდებლობა - ბიოლოგიური მშობელი როდესაც სახეზეა, კომპანიას ვინ ეკითხება, საკუთარი შვილი გამოიყვანოს კლინიკიდან და ქვეყნიდან გაიყვანოს? მაგრამ რეალურად ასე ხდებოდა. დაწესებულებიდან, სადაც ქალი მშობიარობს, ინფორმაცია ავტომატურად მიდის სერვისების სააგენტოში, იქ გაიცემა დაბადების მოწმობა და შემდეგ მშობლებს უფლება ჰქონდათ მიემართათ პასპორტის მიღებაზე, მაგრამ კომპანია თვეების განმავლობაში ატყუებდა ბიოლოგიურ მშობლებს და მათ დამატებით თანხებს სძალავდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბიოლოგიური მშობლების გადახდილი თანხები მათ სრულად მიითვისეს და სუროგატ დედებს თვეების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, მათ შორის ორსულებს, რომლებიც ჯერ არ იყვნენ ნამშობიარები. სანამ ქვეყანას დატოვებდნენ, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა ურთიერთობა და ვიცი, როგორ პირობებში იყვნენ, როგორ გამოყარეს მესაკუთრეებმა, ვინაიდან ბინის ქირა არ იყო გადახდილი, მათ არც კვების ფული ეძლეოდათ. ქალებს, რომლებიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყვნენ საქართველოში ჩამოსული, ხშირად პურის ფულიც არ ჰქონდათ, საკუთარი შვილებისთვის რომ ეჭმიათ და ნორმალურად ეზრუნათ როგორც თავზე, ისე მცირეწლოვან ბავშვებზე.
- კომპანიის დამფუძნებლები დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარების გადახდას თუ აპირებენ?
- ახლა ორივე დამფუძნებელს 10-10 წელი შეეფარდათ, ტიმოშენკო ძებნაშია და მას დაუსწრებლად მიესაჯა, ალბათ ჩამოიყვანენ და მას საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააწესებენ. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივეს ბრალეულობა სახეზე იყო, საქმეში არსებობდა უამრავი მტკიცებულება, ეს არ იყო 1 და 2 ტომი, გუშინ პროკურორმაც განაცხადა, რომ 50 ტომამდე იყო, უამრავი ექსპერტიზა იყო ჩატარებული, უამრავი მტკიცებულება არსებობს თანხების მიმოსვლასთან დაკავშირებით, მათ შორის ბიოლოგიური მშობლები იყვნენ დაკითხული და საკმაოდ დიდი მოცულობის მტკიცებულებებია, რომლებიც ბრალდების ვერსიას ასაბუთებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამნაშავეები.
მელიქიანიც და ტიმოშენკოც არ აღიარებდა დანაშაულს, ორივე დისტანციურად იყო წარმოდგენილი ადვოკატის მონაწილეობით. ახლა მსჯავრდადებულების ადვოკატები გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით. პირველ ინსტანციაში ჩემი მიზანი ნამდვილად არ იყო ის, რომ გინდა თუ არა 10 წლით ჩამჯდარიყო ეს ადამიანი ციხეში, ჩემი მიზანი იყო შექმნილიყო პრეცედენტი ამ საქმეზე, რომ ვერც ერთმა სხვა კომპანიამ ვერ შეძლოს სხვა სუროგატი ქალების უფლებების დარღვევა იმიტომ, რომ ჩვენ სხვა კომპანიების მსხვერპლებიც მოგვმართავენ, რომლებიც ჩივიან, რომ არ გადაუხადეს ჰონორარები და ასახელებენ თავიანთი უფლებების დარღვევებს. ამაზეც შეტანილი გვაქვს საჩივრები. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი ყველა კლინიკისთვის და რეპროდუქციული ცენტრისთვის, რათა მათ აღარ გაბედონ მსგავსი დარღვევები და არ მიითვისონ სხვისი თანხები. პირველ ინსტანციაში ჩემი ინტერესი იყო ერთი, რომ ეს პრეცედენტი დამდგარიყო და დამფუძნებლები დამნაშავედ ცნობილიყვნენ, თუმცა ჩვენი მხარე მიდიოდა მოლაპარაკებაზე და მზაობას გამოთქვამდა, რომ ამ ბრალდებულებთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაზარალებულებს აუნაზღაურებდნენ ზიანს, ანუ ის ჰონორარები, რომლებიც მათ ხელშეკრულებით ეკუთვნოდათ, უნდა გადაეხადათ. თავიდან თითქოს იყო მზაობა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე არ იქნა ანაზღაურებული თანხები და აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ბოლომდე მყარად დარჩა - მაქსიმალური სასჯელი. მუხლი 11 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა და თითოეულ ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა. დღესაც არ ვართ წინააღმდეგი რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ სასჯელი და პირობითად, 2-3 წელი დაყონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი მსხვერპლებს დააკმაყოფილებენ. ისინი სრულად თუ შეძლებენ მსხვერპლების დაკმაყოფილებას, ჩვენ მივდივართ დათმობაზე და თანხმობას განვაცხადებთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების კუთხით.