ოთხშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი “ ბორტი No. 1“ (Air Force One) პირველი ფრენა შეასრულა და ჩრდილოეთ დაკოტაში, თეოდორ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე გაემგზავრა. ეს ვიზიტი ქვეყნის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ნაწილს შეადგენს, დაფრენის შემდეგ ტრამპი სპეციალური მატარებლით (BNSF Freedom 250 Train) მედორაში გაემგზავრება, სადაც, თეოდორ რუზველტის ეროვნული პარკის შუაგულში, ბიბლიოთეკის კომპლექსი მდებარეობს.

“თვითმფრინავებით, მატარებლებითა და ავტომობილებით“ გადატვირთული დღე პრეზიდენტის ახალი საჰაერო ხომალდით დაიწყო, რომელიც სამთავრობო ფლოტის უახლესი შენაძენს წარმოადგენს.
ტრამპმა კატარის მიერ ნაჩუქარი “ბოინგი 747“ ოფიციალურად გასულ კვირას წარადგინა. აშშ -ს პრეზიდენტმა მას "მფრინავი თეთრი სახლი“ უწოდა და აღნიშნა, რომ “მსგავსი ფუფუნება აქამდე არავის უნახავს“.

ვიდრე დონალდ ტრამპის დელეგაცია ჩრდილოეთ დაკოტისკენ მიფრინავდა, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩუნგმა და სხვა თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ხომალდის ინტერიერის პირველი კადრები გაავრცელეს, სადაც ღია ბეჟი, კრემისფერი და მოყავისფრო ტონები ჭარბობს. თვითმფრინავში პრეზიდენტის პირადი კაბინეტი და თანამშრომლებისთვის საკონფერენციო დარბაზი არის მოწყობილი.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ახლი სამთავრობო ხომალდის მიღებაც იყო, მისი ახალი ვიზუალი მან თავად შეარჩია, რითაც ჟაკლინ კენედის დროინდელი ღია ლურჯი და თეთრი ფერები ჩაანაცვლა.

“ღია ლურჯი მოგვწონდა, მაგრამ ცვლილებების დრო მოვიდა. ეს ყველაზე დახვეწილი დიზაინია. ყველაფერი შესანიშნავად დაიგეგმა და ჩემს გემოვნებას მოერგო“, - აღნიშნა ტრამპმა პარასკევს.
ხომალდი ოფიციალურად ირიცხება სამხედრო-საჰაერო ძალების ფლოტში და ის პრეზიდენტს, მის თანაშემწეებს, საიდუმლო სამსახურსა და მედიის წარმომადგენლებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ საფრენი აპარატი კოდურ სახელწოდებას “Air Force One“ მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც ბორტზე თავად ტრამპი იმყოფება.

400 მილიონ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი ერთგვარი “გარდამავალი ხომალდი“ იქნება ძველ “ბოინგებთან“ შედარებით, რომლებიც უკვე 20 წელზე მეტია ექსპლუატაციაში იმყოფებიან და ხშირად ექმნებათ ტექნიკური პრობლემები. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში, დავოსის (შვეიცარია) ეკონომიკურ ფორუმზე მიმავალი ტრამპი იძულებული გახდა, აფრენიდან რამდენიმე საათში უკან დაბრუნებულიყო და შედარებით მცირე ზომის სამთავრობო თვითმფრინავზე გადამჯდარიყო.
პარალელურად, შენდება ორი ახალი Boeing 747, თუმცა პროცესი გრაფიკს საგრძნობლად ჩამორჩება და ბიუჯეტსაც აჭარბებს. თავდაპირველად მათი ჩაბარება 2024 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ ვადებმა 2028 წლის შუა პერიოდისთვის გადაიწია.

კატარისგან ამ საჩუქრის მიღების გამო აშშ-ს პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მიუხედავად ტრამპის განცხადებისა რომ მან ქვეყანას “უფასო“ თვითმფრინავი შესძინა, სამხედრო-საჰაერო ძალებს ხომალდის გადაკეთება და უსაფრთხოების სისტემების განახლება მაინც მოუწიათ. ხარჯების ზუსტი ოდენობა არ სახელდება, მაგრამ ზოგიერთი შეფასებით, მან შესაძლოა 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით “კომპრომისებზე არავინ წასულა და ახალი ხომალდი სრულად აკმაყოფილებს პრეზიდენტის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას“
დონალდ ტრამპი ახალი თვითმფრინავის აქტიურად გამოყენებას გეგმავს. უკვე პარასკევს რაშმორის მთაზე ფეიერვერკების შოუზე დასასწრებად ის სამხრეთ დაკოტაში გაფრინდება, ხოლო 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხომალდი თეთრი სახლისა და კაპიტოლიუმის თავზე საზეიმო გადაფრენას შეასრულებს. მოგვიანებით, ახალი “Air Force One“ ტრამპს თურქეთში, ნატოს სამიტზე, ხოლო ნოემბერში ჩინეთში, აზია - წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე ჩაიყვანს.