ავტორი:

13 წლის ანასტასია ბერიშვილისა და ჯგუფ "The Bookmarks“-ის წარმატება აშშ-ში

13 წლის ანასტასია ბერიშვილისა და ჯგუფ "The Bookmarks“-ის წარმატება აშშ-ში

ქართულმა 7-კაციანმა აკაპელა ჯგუფმა "The Bookmarks“ ვაშინგტონის შტატში გამართულ პრესტიჟულ ფესტივალზე "Harmony Sweepstakes A Cappella Festival“ მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე წარმოდგენილთა შორის ეს იყო ერთადერთი უცხოური გუნდი. ჟიურისა და მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჯგუფის ყველაზე პატარა წევრმა, 13 წლის ანასტასია ბერიშვილმა, რომელმაც ზრდასრული მუსიკოსებისთვის განკუთვნილ ფესტივალზე მაღალი ვოკალური ტექნიკა და არტისტიზმი აჩვენა.

ამ წარმატების შედეგად, ჯგუფმა "The Bookmarks“ ოფიციალური მიწვევა მიიღო და მიმდინარე წლის ოქტომბერში სან-ფრანცისკოში გამართულ გრანდიოზულ ფინალში წარსდგება.

ანასტასია ბერიშვილის მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში, სტუდია "ბასტი-ბუბუში“ დაიწყო. შემდგომ იყო არაერთი წარმატება, არის სატელევიზიო მუსიკალური პროექტის, "რანინას“ (2023 წ.) ფინალისტი და შოუ "ნიჭიერის“ მე-11 სეზონის ნახევარფინალისტი.

12 წლის ასაკში მუსიკალურ პროდიუსერ გიგა კუხიანიძესთან ერთად პირველი საავტორო სიმღერა ჩაწერა. 2025 წელს საერთაშორისო კონკურსზე "N1“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო 2026 წელს ჯგუფთან ერთად გერმანიაში სოლო კონცერტი გამართა.

ანასტასიას თქმით, მის მუსიკალურ განვითარებასა და მენეჯმენტში უდიდესი როლი დედას ეკუთვნის, რომელსაც მუსიკალური განათლება აქვს და ამჟამად შვილის მუსიკალური კარიერის მთავარი ორგანიზატორია. საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გერმანიასა და აშშ-ში ჯგუფის წარმატებულ წარდგენაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი პროდიუსერ ბუკა კარტოზიას მიუძღვის, რომლის მხარდაჭერითაც "The Bookmarks“ ოქტომბრის ფინალისთვის ემზადება.