ავტორი:

"როდესაც იქ შევედით, ამაზრზენი სცენა ვიხილეთ" - ოჰაიოში გადაარჩინეს 16 ბავშვი, რომლებიც 4 წელი ერთ ოთახში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ

"როდესაც იქ შევედით, ამაზრზენი სცენა ვიხილეთ" - ოჰაიოში გადაარჩინეს 16 ბავშვი, რომლებიც 4 წელი ერთ ოთახში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ

აშშ-ის ოჰაიოს შტატში სამართალდამცავებმა დანგრეული სახლიდან 16 ბავშვი გადაარჩინეს, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდნენ.

  • ხელისუფლების ინფორმაციით, ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ასაკი 18 თვიდან 18 წლამდე მერყეობს.

გამომძიებლების ცნობით, ბავშვების ნაწილი ვერ ლაპარაკობდა, ხოლო 18 წლის გოგონა, რომელსაც განვითარების შეფერხება აქვს, საკუთარი სახელის დაწერასაც ვერ ახერხებდა.

  • ვინტონის ოლქის შერიფმა რაიან კეინმა ნანახს "ამაზრზენი სცენა“ უწოდა და აღნიშნა, რომ "პირუტყვიც კი უკეთეს გარემოში ცხოვრობს, ვიდრე ეს ბავშვები.“

ოჰაიოს გენერალური პროკურორის, ენდი უილსონის განცხადებით, ბავშვები სამართალდამცველებმა სხვა საქმეზე მუშაობის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს.

  • "ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ სახლში 16 ბავშვი იმყოფებოდა. ეს ყველაზე საშინელი შემთხვევაა, რაც მთელი კარიერის განმავლობაში მინახავს", - განაცხადა უილსონმა.

შერიფის თქმით, ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს მცირე ზომის ოთახში ატარებდნენ.

მეზობლები შოკში იყვნენ, როცა გაიგეს, რომ ამ სახლში ბავშვები ცხოვრობდნენ - 60 წლის ჯოზეფ სტიუარტმა Associated Press-ს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახი იქ გადმოვიდა, ბავშვები საერთოდ არ უნახავს.

იმავეს ამბობს 64 წლის პიტი ენჯელსი - "Columbus Dispatch“-თან საუბარში აღნიშნა, რომ მომხდარმა შოკში ჩააგდო.

"აქ არაფერი ხდება… ეს ისეთი რამაა, რასაც ამ სოფელში არ ელოდები“ - ამბობს პიტი.

გადარჩენილი ბავშვებიდან შვიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორი მათგანი სპეციალიზებულ ტრავმატოლოგიურ ცენტრში. ერთ-ერთი ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ინტუბაცია დასჭირდა.

საქმეზე ბავშვების მშობლები და ბებია-ბაბუა დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია ყველა ბავშვი დაკავებული წყვილის არის თუ არა.

გამომძიებლების ინფორმაციით, ოჯახი ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხრეთ ოჰაიოში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და მიზანმიმართულად არიდებდა თავს სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტს.

ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ და, სავარაუდოდ, მათი არსებობის შესახებ ოჯახის წევრების გარდა თითქმის არავინ იცოდა.

წყარო