არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამჟამად აქტიურ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს ჩვენი პარტნიორობის დონეს აჩვენებს. ვიცით, რომ ამ პროცესის ერთგულები ხართ და შთამბეჭდავია პროგრესის ხილვა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
"შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. მალე სომხეთი ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ჩვენ ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ წინადადებას წარვადგენთ. ეს ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტის 80%-ს ლიბერალიზაციას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ევროკავშირთან სომხეთის ვაჭრობის 80% ტარიფებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნული ზომების შედეგად სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის 99%-ისთვის ევროპის კარი გაიღება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.