ავტორი:

4 ადამიანი, მათ შორის 19 წლის გოგონა ემსხვერპლა, მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გამარჯვების ზეიმს - რა მოხდა მეხიკოში?

4 ადამიანი, მათ შორის 19 წლის გოგონა ემსხვერპლა, მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გამარჯვების ზეიმს - რა მოხდა მეხიკოში?

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 1/16 ფინალში მექსიკის ნაკრების მიერ ეკვადორის დამარცხების აღსანიშნავად, მეხიკოს ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. წარმოქმნილ ჭყლეტაში 4 ადამიანი დაიღუპა: 19 წლის გოგონა, 48 წლის ქალი, 30 და 44 წლის მამაკაცები.

  • დედაქალაქის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, ოთხივე მათგანის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია (გაგუდვა) გახდა.

საქალაქო ხელისუფლების ცნობით, ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი მეხიკოს ცენტრში, ძირითადად - "დამოუკიდებლობის სვეტთან“ შეიკრიბა. ასეთი მასშტაბური ზეიმი განაპირობა იმან, რომ ეკვადორთან ანგარიშით 2-0 გამარჯვება მექსიკის ნაკრებისთვის 1986 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მოპოვებული პირველი წარმატებაა.

მეხიკოს მერმა, კლარა ბრუგადამ, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და საჭირო დახმარებას დაჰპირდა. მან გულშემატკივრებს მოუწოდა, "ყოველთვის პასუხისმგებლობით აღნიშნონ, იზრუნონ სხვებზე და გამოიჩინონ პატივისცემა“.

ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებმა დახმარება აღმოუჩინეს სამ ადამიანს, რომლებიც პასეო-დე-ლა-რეფორმას გამზირის მიმდებარედ, ქალაქის სხვადასხვა რაიონში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

"პირველადი დახმარების გაწევისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების შემდეგ, დაზარალებულები სპეციალიზებული მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს“, - ნათქვამია დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.მოგვიანებით სამივე მათგანი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გაგუდვა დასახელდა. მათი ვინაობა ახლობლებმა უკვე დაადასტურეს.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ვიდრე დედაქალაქის ქუჩებში საყოველთაო ზეიმი სუფევდა, მაშველები და მედიკოსები მიმდებარე ქუჩებზე გონებადაკარგულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

მეხიკოს აგლომერაციაში 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რის გამოც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ურბანული ტერიტორიაა.

ეკვადორთან გამარჯვების წყალობით, მექსიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისს შეხვდება.