ავტორი:

ნამდვილი სასწაული ვენესუელაში: 8 დღის განმავლობაში, 140 ტონა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს - “ერთი ფრჩხილიც კი არ დაზიანებია“

ნამდვილი სასწაული ვენესუელაში: 8 დღის განმავლობაში, 140 ტონა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს - “ერთი ფრჩხილიც კი არ დაზიანებია“

ვენესუელაში მომხდარი ორი მძლავრი მიწისძვრიდან 8 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან მამაკაცის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. ერნან ხილი 140 ტონა ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი და მისი საბოლოო გათავისუფლება 100-ზე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხერხდა.

ჩილელმა მეხანძრემ სამაშველო ოპერაციას “ყველაზე კომპლექსური და ტექნიკურად რთული“ უწოდა, რაც კი ოდესმე ჩაუტარებია. ერნან ხილის გადასარჩენად დროსთან რბოლაში 7 ქვეყნის (ვენესუელა, ჩილე, კოსტა-რიკა, ელ-სალვადორი, მექსიკა, პორტუგალია და აშშ) ასეულობით მაშველი იყო ჩართული.

სამაშველო სამუშაოებს ართულებდა ის ფაქტი, რომ ხილამდე მისასვლელი გვირაბები რამდენჯერმე ჩამოინგრა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც მაშველებს, ისე თავად ნანგრევებში მყოფ მამაკაცს.

  • “ბეტონის ჯიხურმა გადაარჩინა“ - როგორ გადარჩა ერნან ხილი?

როგორც ირკვევა, ხილი კატია-ლა-მარში მდებარე სავაჭრო ცენტრის, Galerias Playa Grande-ს მიმდებარე ავტოსადგომის სარდაფში, ბეტონის პატარა ჯიხურში იმყოფებოდა, როდესაც მიწისძვრა მოხდა. სწორედ ამ ჯიხურმა შექმნა დამცავი გარსი და გადაარჩინა ის 140 ტონა ნანგრევებისგან, რომელიც თავზე დაეცა.

სანამ მის სრულად ამოყვანას შეძლებდნენ, მაშველებმა მცირე ხვრელის მეშვეობით მას წყალი, წვეთოვანი და სახის ნიღაბი მიაწოდეს, რათა მტვრისგან დაეცვათ. პატარა კამერის მეშვეობით მასთან ვიზუალური კონტაქტიც დამყარდა.

მექსიკის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ერნან ხილი “მხიარულ მამაკაცად“ დაახასიათა. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ის მაშველებს თავად ამხნევებდა.

  • “მან გვითხრა, რომ ერთი ფრჩხილიც კი არ დასზიანებია. ის კარგადაა“, - განაცხადეს კოსტა-რიკის წითელ ჯვარში.

საინტერესოა, რომ ერნანმა მაშველებს კონკრეტული გემოს მქონე ჰიდრატაციის სასმელებიც კი სთხოვა, რაც მათ დაუყოვნებლივ შეუსრულეს. გადარჩენილი და მაშველები ოპერაციის განმავლობაში ერნანის ოჯახსა და სამაშველო სამუშაოების სირთულეებზე საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ვენესუელაში მომხდარ მიწისძვრებს, ბოლო მონაცემებით, 2 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

წყარო

იხილეთ ასევე: