რვათვიანი ექსპედიცია სულ მალე აიღებს სტარტს ნორვეგიიდან. მისი მისიაა აღმოაჩინოს სიცოცხლის ახალი სახეობები მანამ, სანამ კლიმატური კრიზისი და დაბინძურება ჩრდილოეთის ოკეანეს სამუდამოდ შეცვლის.
მომავალ თვეში ექვსი მეცნიერი და ეკიპაჟის ექვსი წევრი კირკენესში, ნორვეგიის შორეულ არქტიკულ ქალაქში გაემგზავრება, სწორედ აქედან დაიწყება მათი ოდისეა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ, მიუვალ და ნაკლებად შესწავლილ რეგიონში. მეცნიერები საფრანგეთში აგებულ პოლარულ სადგურ “ტარაზე“, ფუტურისტულ, მცურავ ლაბორატორიაზე ავლენ და არქტიკისკენ გაემართებიან.

ექსპედიციის განმავლობაში ადამიანებს უკიდურესად ექსტრემალურ და იზოლირებულ გარემოსთან მოუწევთ ადაპტაცია, თვეების განმავლობაში სრულ სიბნელე და -50°C-მდე დაცემულ ტემპერატურა იქ ხომ ჩვეული მოვლენაა.
გუნდი ნორვეგიაში 14 აგვისტოს ჩავა, ხელსაყრელ პირობებს და ყინულმჭრელს დაელოდება, რომელიც გზას გაუკაფავს, შემდეგ კი რვათვიან მოგზაურობას შეუდგება. ისინი გრძელ, მკაცრ პოლარულ ღამეებს 26 მეტრი სიგრძისა და 16 მეტრი სიგანის გემზე გაატარებენ, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის შექმნილი, რომ ყინულში ჩაიყინოს და მასთან ერთად, ჩრდილოეთ პოლუსის გავლით, ნელ-ნელა გრენლანდიისკენ იდრეიფოს.
მეცნიერების მისიაა შეაგროვონ მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის რღვევა და დაბინძურება ცენტრალური არქტიკული ოკეანის უნიკალურ, კომპლექსურ და დიდწილად უცნობ ეკოსისტემაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია მსოფლიოში.
“ჩვენ ვკარგავთ სახეობებს მანამ, სანამ მათ აღმოჩენას მოვასწრებდეთ, ასე რომ, ექსპედიციის მიზანს ამ ყველაფრის დოკუმენტირება წარმოადგენს. მომდევნო 20 წელიწადში ხომ ყველაფერი შეიცვლება“, - ამბობს რომენ ტრუბლე, მიკრობიოლოგი, რომელიც შემდგომში მეზღვაური და ფრანგული საქველმოქმედო ორგანიზაციის, Tara Ocean Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

უფრო ადრე, 2006 წელს, “ტარას“ პირველმა მოდიფიკაციამ უკვე იმოგზაურა არქტიკაში ტრანსპოლარული დრეიფის შესასრულებლად. ეს მხოლოდ მეორე მსგავსი ექსპედიცია იყო ცენტრალურ არქტიკაში მას შემდეგ, რაც ნორვეგიელმა მკვლევარმა ფრიტიოფ ნანსენმა პირველად იგივე მისია თავისი გემით “Fram “ 1893-1896 წლებში შეასრულა.

“გადავწყვიტეთ ეს კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა, ოღონდ მეტი დაფინანსებითა და შესაძლებლობებით. ჩვენ კარგად ვიცნობთ არქტიკის სიღრმეებსა და ფიზიკას, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს აქაურ სიცოცხლესა და ბიოლოგიურ ასპექტებზე. ეს აღმოსაჩენი, სუფთა ფურცელია“, - ამბობს ტრუბლე.
სადგურის დიზაინი ანიეს ტრუბლეს და ეტიენ ბურგუას ეკუთვნით, ხოლო რომენ ტრუბლემ საჭირო დაფინანსება, 26 მილიონი ევრო მოიზიდა და მისია დაგეგმა. რვა თვის განმავლობაში მეცნიერები და ეკიპაჟი ფაქტობრივად მოწყდებიან გარე სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციაში მათი გადარჩენა მაინც შესაძლებელია, მაშველებს მცურავ ლაბორატორიამდე მისაღწევად შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეთ.
ახალი მისია დროის წინააღმდეგ ნამდვილ რბოლას წარმოადგენს, არქტიკა სამჯერ ან ოთხჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის ნებისმიერი სხვა ადგილი და ზღვის ყინული, რომელიც ოდესღაც რეგიონს იცავდა, სწრაფად დნება.
არქტიკული ოკეანე და ზღვის ყინული ურთიერთდაკავშირებულ მთელ სასიცოცხლო ქსელს მოიცავს დაწყებული. თეთრი დათვებით, ლომვეშაპებითა და თეთრი ვეშაპებით, დამთავრებული ისეთი მიკრობებით, როგორიც მაგალითად ყინულის წყალმცენარეებია, რომლებიც კვებითი ჯაჭვის საფუძველს წარმოადგენენ.

მეცნიერები მიკრობების ნიმუშებს ოკეანის წყლიდან სადგურის ცენტრალური შახტის (ე.წ. moon pool) მეშვეობით აიღებენ. სპეციალური ჭრილი გემის ფსკერზე მდებარეობს და ყინულოვან სიღრმეებში მყვინთავების, წყალქვეშა დრონების და დისტანციურად მართვადი აპარატების ჩაშვებისთვის არის განკუთვნილი.
“პოლარული ღამე არასდროს გამომიცდია. ჩემი ყველაზე დიდი შიში სიბნელეა. ეს ძალიან გფიტავს, თანაც, ბევრს ვვარჯიშობ, ასეთ პატარა პლატფორმაზე კი ამის გაკეთება რთული იქნება. თუმცა, დრო ძალიან სწრაფად გავა. წინ დიდი მეცნიერული თავგადასავალი გველის ,რამდენად ხშირად გეძლევა ცხოვრებაში მსგავსი რამის გაკეთების შანსი? თავს ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ“. აცხადებს ექსპედიციის წევრი, ოკეანოგრაფი ბიოლოგი , დოქტორი, ნინა შუბაკი.