ავტორი:

ქაოსი საფრანგეთში - სიცხის ტალღების ფონზე, მოსახლეობა კონდიციონერებისა და ვენტილატორებისთვის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ქაოსი საფრანგეთში - სიცხის ტალღების ფონზე, მოსახლეობა კონდიციონერებისა და ვენტილატორებისთვის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

საფრანგეთში ნამდვილი ქაოსია. უქმეებზე არსებული ანომალიური სიცხის ფონზე, მოსახლეობა კონდიციონერებისა და ვენტილატორების ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ხალხმრავალმა მასამ სუპერმარკეტების კარებიც კი შეამტვრია, რათა გამაგრილებელი მოწყობილობები ეყიდათ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სუპერმარკეტების ქსელმა “Lidl“-მა პირობა დადო, რომ ხუთშაბათს დახლებზე 200 000 ვენტილატორსა და კონდიციონერს გამოიტანდა. ამის გამო მომხმარებლებმა მაღაზიებთან რიგების დაკავება ჯერ კიდევ გათენებამდე დაიწყეს. კარების გაღებისთანავე, შენობებში ასობით ადამიანი შევარდა. გაავებულმა მყიდველებმა ელექტროტექნიკის მოსაპოვებლად ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება დაიწყეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ყვირიან და ტირიან ქალები ვენტილატორებისთვის ბრძოლაში. ერთ-ერთი მოჩხუბარი წყვილის გაშველება კი მამაკაც მყიდველს მოუხდა.

სხვა კადრებში ასახულია, როგორ მიარღვევს ხალხის მასა მაღაზიის დერეფნებს, ელვისებურად იტაცებს ყუთებს და დახლებს მთლიანად აცარიელებს.

  • “ხალხი ჭკუიდან შეიშალა“

ო-დე-სენის დეპარტამენტის გარეუბან ნანტერში, “Lidl“- ის ერთ-ერთ პატარა ფილიალს ასზე მეტი ადამიანი მიაწყდა და შესასვლელი კარიც კი დააზიანა. ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, დაწყებული დავისა და ჩხუბის გამო, ტექნიკის გატანა მხოლოდ ათამდე მომხმარებელმა მოახერხა

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია დიდ მარაგებს ჰპირდებოდათ, მყიდველები დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. იველინის დეპარტამენტის ქალაქ სენ-ჟერმენ-ან-ლეში დახლები რამდენიმე წუთში დაცარიელდა. იქ კონდიციონერები საერთოდ არ ყოფილა, ვენტილატორების რაოდენობა კი მხოლოდ 50-ს შეადგენდა.

დაძაბულობამ პიკს დილის 07:30 საათზე მიაღწია, როცა მაღაზიის გარეთ უკვე უზარმაზარი რიგი იდგა. მოგვიანებით, ადამიანებმა ბოლო დარჩენილი ყუთებისთვის ხელჩართული ბრძოლა გამართეს, რის გამოც სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ ამ ქაოსში ჩარეულიყვნენ. ისინი კი, ვინც მაღაზიასთან 08:30 საათის შემდეგ მივიდნენ, რამდენიმესაათიანი ლოდინის მიუხედავად, ხელცარიელები დაბრუნდნენ.

“ეს სასაცილოა, ხალხი სრულიად ჭკუიდან შეიშალა“, - განუცხადა “Le Parisien“-ს კარიერ-სუ-პუასის მცხოვრებმა, ჰაისამმა.

პარიზშიც მყიდველები ასევე ჩიოდნენ, რომ ვენტილატორებისა და კონდიციონერების ყიდვა ვერ შეძლეს.

“მე-14 ოლქში სულ ორი კონდიციონერი და 400-ზე მეტი ადამიანი იყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა. ქალები ძირს ეცემოდნენ“, - აცხადებს მორიგი მყიდველი.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობამ მომხდარ დაგმო და ის “ველურების ქცევას“ შეადარა. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ამ ქაოსში გამარჯვებულები გამოვიდნენ და შენაძენის ფოტოები საკუთარ პროფილში ამაყად გამოფინეს. ერთ -ერთმა მყიდველმა კონდიციონერის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა “Lidl“-ის წმინდა ბრძოლაში გავიმარჯვე. ამ საამაყო ფაქტს ჩემს CV-ში ჩავამატებ“.

გამაგრილებელ ტექნიკაზე დიდი მოთხოვნები მთელი საფრანგეთის მასშტაბით ფიქსირდება. მაგალითად, “Carrefour“-ის გენერალური დირექტორის, ალექსანდრ ბომპარდის განცხადებით, 22 ივნისს მათ ქსელში სულ მცირე 30 000 ვენტილატორი და კონდიციონერი გაიყიდა, რაც ჩვეულებრივ დღესთან შედარებით 1000-ჯერ მეტია.

წყარო