ჩინურმა კომპანიამ, რომელთანაც განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა, სკოლის მოსწავლეებისთვის, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის ფორმების კომპლექტები უნდა შეკეროს. მას მერე, რაც გაირკვა და ცნობილი გახდა სასკოლო ფორმები რა ქსოვილისგან შეიკერება, სხვადასხვა ჯგუფში ამ თემას, განსაკუთრებით მშობლები, კიდევ უფრო აქტიურად განიხილავენ. ქსოვილი, რომლისგანაც ფორმები შეიკერება ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად - პოლიესტერი - 72%; ვისკოზა - 25%; ელასტინი - 3%.

- ამ ქსოვილებს ხშირად ახლავს „Oeko-Tex Standard 100“ სერტიფიკატი - ეს ნიშნავს, რომ მასალა მეტ-ნაკლებად შემოწმებულია და უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა 100%-იან გარანტიას მაინც ვერავინ მოგვცემს. სინთეტიკურმა ქსოვილმა კონკრეტულ ადამიანში შესაძლოა, მაინც კონტაქტური ალერგია გამოიწვიოს. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ: ჩემს შვილს 100%-ით ბამბის მაისური შევუძინე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის სინთეტიკური ძაფით იყო ნაკერი. ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ძაფი კანს ეხებოდა (ზედა კიდურებზე), კონტაქტური ალერგიული დერმატიტი განვითარდა. ამიტომ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს ან ჭარბოფლიანობისკენ არის მიდრეკილი, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდეს.ბამბის ქსოვილი კარგად ატარებს ჰაერს, კანი სუნთქავს და სხეულის გადახურების შანსი ნაკლებია. სინთეტიკის შემთხვევაში კი პირიქით ხდება - გადახურება და ოფლიანობა იწვევს კანის გაღიზიანებას, გაწითლებასა და ქავილს. თავად ქსოვილმა ან მისმა საღებავმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ ვის ექნება რეაქცია და ვის არა, ძალიან რთულია. რისკი გაცილებით დიდია იმ ბავშვებში, რომელთაც უკვე აქვთ ატოპიური დერმატიტი ან სხვა ალერგიული გამოვლინებები.
- დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ გოგონების კაბის სარჩული 100%-ით ბამბაა, თუმცა ბიჭების შემთხვევაში ასე არ არის. როგორც დედამ, როგორ ფიქრობთ, რამდენად კომფორტული და პრაქტიკულია სკოლის ფორმა ყოველდღიურ რეჟიმში?
- ჩემი შვილები კერძო სკოლაში დადიან. მეექვსე კლასამდე მათ ჰქონდათ 100%-იანი ბამბის ზედატანები ფორმის სახით, თუმცა მოგვიანებით სკოლამ საერთოდ გააუქმა ეს ვალდებულება. იმის გამო, რომ ჩემს შვილს ადრეულ ასაკში ნაკერზეც კი ჰქონდა ალერგიული რეაქცია, ტანსაცმლის ყიდვისას ყოველთვის დეტალურად ვამოწმებ შემადგენლობას. ხშირად ნაკერების მასალა მითითებული არ არის. სასურველია, შიდა სამოსი, რომელიც კანს უშუალოდ ეხება, იყოს თეთრი ფერის, რადგან ფერადი საღებავები დამატებით რისკს შეიცავს.რაც შეეხება პრაქტიკულობას - თავისუფლებისმოყვარე თაობა გვყავს, მე პირადად მათ არჩევანს პატივს ვცემ და იძულების მომხრე არ ვარ. გარდა ამისა, ფინანსური მხარეც საგულისხმოა.
თავდაპირველად სკოლამ ფორმები საჩუქრად (სწავლის საფასურში გათვალისწინებული) გადმოგვცა, თუმცა ბავშვებისთვის რამდენიმე ხელი საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებითი კომპლექტების შეძენა ბევრად ძვირი დამიჯდა, ვიდრე ჩვეულებრივი ყოველდღიური მაისურები დასჭირდებოდა.როდესაც პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, მშობელს თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ფორმა არ არის ისეთი პირველხარისხოვანი, როგორიც ბავშვის ჯანმრთელობა, კვება ან ეკოლოგიური გარემოა. მაგალითად, სკოლის ეზოებში ხშირად ისეთ ალერგიულ მცენარეებს რგავენ (მაგ. კვიპაროსს), რაც ბავშვებში თვალების შეშუპებასა და ალერგიულ ფონს ამწვავებს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა.

- თქვენი აზრით, რამდენად რეალურია სკოლის ფორმების მასობრივი დანერგვა?
- შესაძლოა, დასაწყისში იყოს მცდელობა, მაგრამ მოგვიანებით ეს უბრალო ფორმალობად იქცევა - ნაწილი ჩაიცვამს, ნაწილი - არა.
- ბავშვისთვის, რომელიც გასულ წელს გაკვეთილზე კომფორტული მაისურით იჯდა, ფსიქოლოგიურად რთულია მთელი დღე პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილმა გაატაროს.
- ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, რომ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში ბავშვს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. თუ მოსწავლე გადახურებულია, ტანსაცმელი აწუხებს და კანი არ სუნთქავს, მას სწავლისთვის საჭირო კონცენტრაციაც დაეკარგება. ბიჭები და გოგონები ამ ასაკში ძალიან მოძრავები არიან, ხახუნი მეტია და დისკომფორტიც იზრდება.

- თქვენ ახსენეთ კონტაქტური ალერგიული დერმატიტი. კონკრეტულად როგორ ვლინდება ის კანზე?
- ეს არის კანის მომატებული მგრძნობელობა გარკვეული ნივთიერების ან ქსოვილის მიმართ. ეს გახლავთ მოგვიანებით ტიპის ალერგიული რეაქცია. თავიდან შესაძლოა არაფერი გამოჩნდეს, მაგრამ კანთან მუდმივი შეხებისას ეტაპობრივად იწყება აქერცვლა, სიწითლე, ქავილი და წვრილი გამონაყარი. ქავილის შედეგად ანთებითი პროცესი კიდევ უფრო ძლიერდება. მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს მანქანის საჭის მასალაზე ჰქონდა ძლიერი ალერგია. პრობლემის მოსაგვარებლად, ბარიერული ფუნქციისთვის, ბამბის ხელთათმანების გამოყენება დავუნიშნეთ, რამაც მდგომარეობა დაასტაბილურა. მსგავსი პრობლემები ხშირად აქვთ მანიკიურის სპეციალისტებსა და ექიმებს ლატექსის ხელთათმანების გამო. ადამიანის ორგანიზმი ძალიან ინდივიდუალურია და ფორმების შემოღებისას ეს ფაქტორები, სამწუხაროდ, ნაკლებადაა გათვალისწინებული.

- საპრევენციოდ რას ურჩევდით მშობლებს, რას მიაქციონ ყურადღება?
- პირველ რიგში, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ნებისმიერი ალერგიული გამოვლინებისას უნდა მიმართონ სპეციალისტს. სარეცხი და ტანის დასაბანი საშუალებები უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლებალერგიული (ჰიპოალერგიული). ოფლიანობის დროს ორგანიზმი კარგავს სითხეს, კანი შრება და უფრო მოწყვლადი ხდება, ამიტომ ბავშვებმა საკმარისი რაოდენობის წყალი უნდა მიიღონ. ბანაობის შემდგომ კი აუცილებელია კანის მუდმივი დატენიანება სპეციალური კრემებითა თუ ბალზამებით (ატოპიური კანისთვის განკუთვნილი ემოლიენტებით), რათა აღდგეს კანის ბარიერული ფუნქცია და იგი ნაკლებად დაზიანდეს.