"გიტარა ღმერთმა შექმნა, ეშმაკს კი არაფრის შექმნა არ შეუძლია" – ასე პასუხობს 53 წლის ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი, მამა დიონისე ტაბაკისი მათ, ვინც ელექტრო გიტარას „ეშმაკის ინსტრუმენტად“ მიიჩნევს.
ალბომში ერთმანეთს ბიზანტიური საგალობლები, მძიმე მეტალი, რეპი, ტექნო და ელექტრონული მუსიკა ერწყმის. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი სახლის პირობებში შეიქმნა, ავტორიტეტულმა მუსიკალურმა გამოცემა Pitchfork-მა მას 10-დან 7.6 ქულა მიანიჭა, რის შემდეგაც მამა ტაბაკისი ფართო აუდიტორიამ გაიცნო.
მიუხედავად წარმატებისა, ის პირველ რიგში საკუთარ თავს მღვდლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მუსიკა მისი რწმენის გაგრძელებაა.
"ელექტრო გიტარას ხშირად ეშმაკთან აიგივებენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მათ შორის მუსიკაც,“ – ამბობს ტაბაკისი.
მისი საყვარელი ინსტრუმენტი შვიდსიმიანი ელექტრო გიტარაა, რომელიც სულ 135 ევროდ შეიძინა.
ტაბაკისი უკვე 32 წელია დაქორწინებულია, მეუღლესთან სამი შვილი ჰყავს და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურობს. თავისუფალ დროს კი სხვადასხვა ტრადიციულ ბიზანტიურ ინსტრუმენტს სწავლობს.

საკუთარი მუსიკის ჩაწერა დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო. ხმის ჩამწერი სტუდიის ნაცვლად ყველაფერი სახლში შექმნა – შვილმა მუსიკის პროგრამების გამოყენება ასწავლა, ხოლო ვოკალი ახალგაზრდა მომღერალმა ტელეფონით ჩაწერა.
Paradise Metal-ი მუსიკალური ექსპერიმენტია, სადაც ბიზანტიური საგალობლები, მძიმე მეტალი, რეპი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება. ზოგიერთი კომპოზიცია მონასტრის გალობას ჰგავს, ზოგი კი თანამედროვე კლუბურ მუსიკას, თუმცა ყველა მათგანი რწმენით, სულიერებითა და ძველი ბერძნული კულტურით არის შთაგონებული.
მამა ტაბაკისი ამბობს, რომ მისი მიზანი ქადაგება არ არის. პირიქით, სურს, მუსიკის საშუალებით სხვადასხვა თაობას შორის არსებული უფსკრული შეამციროს და ახალგაზრდებს ეკლესიის ენა მათთვის გასაგები ფორმით გააცნოს.

მღვდელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუსიკალური კარიერის მიუხედავად, ეკლესიის დატოვებას არასოდეს აპირებს.
"მღვდლობა ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა მოხდეს, ამ გზას არასოდეს შევცვლი,“ – ამბობს მამა დიონისე ტაბაკისი.
მისი აზრით, ლამაზი მუსიკის შექმნაც ღვთის მსახურების ერთ-ერთი ფორმაა და სწორედ ამიტომ ცდილობს, რწმენა და თანამედროვე მუსიკა ერთმანეთთან დააახლოოს.