ავტორი:

"მირეკავს უცხო ახალგაზრდა კაცის ხმა, თქვენი შვილი სასამართლოს ტერიტორიაზე დააკავესო" - რას იხსენებს ალეკო ელისაშვილის მამა

"მირეკავს უცხო ახალგაზრდა კაცის ხმა, თქვენი შვილი სასამართლოს ტერიტორიაზე დააკავესო" - რას იხსენებს ალეკო ელისაშვილის მამა

დღევანდელ პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის მამა გამოიკითხა. ვალერი ელისაშვილმა სასამართლოს წინაშე ის დღე გაიხსენა, როცა მისი შვილი დააკავეს.

"მირეკავს უცხო ახალგაზრდა კაცის ხმა, თქვენი შვილი სასამართლოს ტერიტორიაზე დააკავესო. რისთვის, მე ვუთხარი, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, დილის 7 საათზე ამ ადამიანმა გამაგებინა ეს ამბავი და სადღაც რამდენიმე საათში გამოდის ბატონი პაპუაშვილი- ალექსანდრე ელისაშვილი დაკავებულია ტერორიზმის, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვისო.

ჩემებურად გავეცი გულში პასუხი, ვერ გაიგონებდა ტელევიზორში, მაგას რომ სამშობლო უყვარს, ნეტა მაგას უყვარდეს ჩემი ქვეყანა. ალეკო ელისაშვილი 1992 წელს 14 წლის იყო, 15 წლის უკან გავიგე, მილიციის თანამშრომლებს დაუკავებიათ, მიდიოდა აფხაზეთის ომში, მოაბრძანეს უკან. მაშინ ბატონი პაპუაშვილი და მისნაირები, სად იყვნენ მაინტერესებს, - ამბობს ვალერი ელისაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.