ავტორი:

Tiktok-ის ლაივში კოცნის გამო, ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ გაამათრახეს - "ისინი დაუქორწინებლები იყვნენ"

Tiktok-ის ლაივში კოცნის გამო, ინდონეზიაში  წყვილი საჯაროდ გაამათრახეს - "ისინი დაუქორწინებლები იყვნენ"

ინდონეზიაში, აჩეს პროვინციაში, ახალგაზრდა წყვილი საჯაროდ გაამათრახეს მას შემდეგ, რაც შარიათის სასამართლომ ისინი ისლამური კანონის დარღვევაში დაადანაშაულა TikTok-ის პირდაპირ ეთერში კოცნის გამო.

  • სასამართლომ წყვილს, 22 წლის მამაკაცსა და 25 წლის ქალს, 21-ჯერ მათრახით დარტყმა მიუსაჯა იმის გამო, რომ ისინი დაუქორწინებლები არიან და ერთმანეთს კოცნიდნენ. ისინი საჯაროდ, ქალაქის პარკში დასაჯეს და ამ პროცესს სულ მცირე, 100 ადამიანი ადევნებდა თვალს. სასჯელი შენიღბულმა პირებმა აღასრულეს.

წყვილი აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს ტიკტოკის ლაივში ავტომობილიდან ჩაერთნენ, სადაც ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო.

აჩე არის ინდონეზიის ერთადერთი პროვინცია, სადაც მოქმედებს ისლამური სამართლის ერთგვარი ვერსია. ქვეყნის ცენტრალურმა, სეკულარულმა მთავრობამ 2006 წელს ამ პროვინციას რელიგიური კანონების გამოყენების უფლება მისცა, როგორც მშვიდობის შეთანხმების ნაწილი სეპარატისტული ომის დასასრულებლად.

  • 2015 წელს აჩეში კანონი გააფართოვეს და ის არამუსლიმებზეც გავრცელდა, რომლებიც პროვინციის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენენ.

კანონი ითვალისწინებს 100-მდე მათრახის დარტყმას "მორალურ დანაშაულებზე“, მათ შორის ქორწინების გარეშე სექსისთვის და ჰომოსექსუალობისთვის. მათრახის გამოყენება ასევე ნებადართულია აზარტული თამაშების მოყვარულთათვის, ასევე გამათრახება ელოდებათ ადამიანებს ალკოჰოლის მიღების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, გამათრახებაა სასჯელი იმ ქალებისთვის, რომლებსაც "მჭიდრო ტანსაცმელი აცვიათ“ და იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც პარასკევის ლოცვას აცდენენ.

წყვილს, რომელიც გაამათრახეს, თავდაპირველად 25-25 დარტყმა მიესაჯა, თუმცა 21-მდე შემცირდა, რადგან მათ უკვე ოთხი თვე ციხეში ჰქონდათ გატარებული.

წყარო