27–29 ივნისს ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ საქართველოში პირველად უმასპინძლა Model UK Parliament-ს, ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირების სამდღიან საგანმანათლებლო პროექტს, რომელშიც 30-მდე საჯარო და კერძო სკოლის 90-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრების როლი მოირგეს, იმუშავეს ხუთ პარტიასა და სამ კომიტეტში, ჩაერთნენ დებატებში და ინგლისურ ენაზე იმსჯელეს აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. ფორმატმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, რეალურ საპარლამენტო პროცესთან მიახლოებულ გარემოში განევითარებინათ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და მოლაპარაკების უნარები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში თავად მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რაც აჩვენებს სკოლის გარემოს, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ იღებენ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესებში, არამედ თავადაც ქმნიან მასშტაბურ და საზოგადოებისთვის ღირებულ ინიციატივებს.
„ეს ღონისძიება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან პირველად ვიყავი მსგავსი მასშტაბის პროექტის ორგანიზატორი. განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოში პირველად გამართულ Model UK Parliament-ში ამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტმა გვაჩვენა, რამდენად დიდია ახალგაზრდების ინტერესი მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მიმართ,“ აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლემ საბა ქვლივიძემ.

მონაწილეებისთვის პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. ნინო კალანდარიშვილმა, მეექვსე საავტორო სკოლიდან, აღნიშნა, რომ კონფერენციამ მას დებატების, კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და კანონპროექტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მისცა. დიმიტრი სებუამ, კომაროვის სკოლის მოსწავლემ, პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მოლაპარაკებისა და კომპრომისის უნარების განვითარება დაასახელა.
Model UK Parliament-მა აჩვენა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს შორის მაღალია ინტერესი დებატების, საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ. პირველმა კონფერენციამ შექმნა მყარი საფუძველი, რომ ეს პლატფორმა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტი მოსწავლე გააერთიანოს.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია ბიბლუსი, IT Step Academy, Shavdia, Piel Naturals, Zellatos, Frixx და ნატახტარი. ბრიტანულ-ქართული აკადემია და საორგანიზაციო გუნდი მადლობას უხდიან სპონსორებს ახალგაზრდული საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
R