ოფიციალური პირების განცხადებით, 3 ივლისს, გამთენიისას, პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი, ხალხით გადაჭედილი სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა. ტრაგედიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საგზაო ავარიად ითვლება, 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რვა კი მძიმედ დაშავდა.

ბელუჯისტანის პროვინციის მთავრობის პრესსპიკერის, შაჰიდ რინდის თქმით, მძღოლმა მართვა დაკარგა, რის გამოც ტრანსპორტი დანა სარის რაიონში, ბელუჯისტანისა და ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციების საზღვართან ახლოს, ხეობაში გადავარდა.


მისივე განმარტებით, ავტობუსი იმიტომ იყო გადაჭედილი, რომ საკუთარი მგზავრების გარდა, გზად გაფუჭებული სხვა ავტობუსიდან გადმოყვანილი ადამიანებიც აიყვანა.

ინფორმაციის თანახმად, რომელიც ერთ-ერთმა გადარჩენილმა მგზავრმა გაავრცელა, მგზავრების ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მძღოლმა გზაში სხვა, გაფუჭებული ავტობუსის მგზავრებიც აიყვანა. მისი თქმით, ამას შელაპარაკება მოჰყვა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა მგზავრმა მძღოლს ყელში ხელი წაავლო. რამდენიმე წამში მძღოლმა ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხა. კატასტროფის მომენტში ავტობუსში სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა. რვა დაშავებულს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაეწია, რის შემდეგაც ისინი ჟობის რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ამჟამად გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.