ინტერნეტში დრამატული კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება მატარებელი რკინიგზის გადასასვლელზე მყოფ ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ახალაგაზრდა მძიმედ დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ამკრძალავი წითელი სიგნალის მიუხედავად ავტომობილი ლიანდაგზე შევიდა, რის შემდეგაც მას მატარებელმა დაარტყა და წინ, საკმაოდ დიდ მანძილზე გაათრია.


სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება 19 წლის მძღოლი პოლონეთში მდებარე რკინიგზის გადასასვლელს იმ დროს, როდესაც ამკრძალავი წითელი შუქნიშანი უკვე ციმციმებს. ავტომობილი მცირე ხნით გადასასვლელთან გაჩერდა, რის შემდეგაც ლიანდაგის მიმართულებით სიჩქარეს მოუმატა. სწორედ ამ დროს, მას გვერდიდან მომავალი სატვირთო მატარებელი შეეჯახა.
გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იფარება მიმდებარე ტერიტორია ავტომობილიდან ამავალი კვამლით. ავარიის შედეგად მძღოლი და მისი 16 წლის მგზავრი მძიმედ დაშავდნენ. ისინი “Opel Zafira“ მარკის ავტომობილში აღმოჩნდნენ ჩაკეტილნი, რომელიც მატარებელმა ლიანდაგზე ასობით მეტრის მანძილზე ათრია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ მაშველები, რომლებმაც მოზარდები მანქანიდან გამოიხსნენ, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო რკინიგზის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა, რამაც მასშტაბური ქაოსი გამოიწვია. დაშავებულები მკურნალობას ამ დრომდე საავადმყოფოში აგრძელებენ.