ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.
ჰააგაში 4-8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია გაიმართება.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა: შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები;
შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის შესახებ ცნობებით;
გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს;
შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას;
გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და შევიწროებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ;
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ პირდაპირ საფრთხეს უქმნის;
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ;
გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს;
დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს;
დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით;
უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ;
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს:
გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებასთან ადვოკატირება დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენისა და სამომავლო საარჩევნო პროცესების ორგანიზების მიზნით, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან.
უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული;
საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების ყურადღებით დაკვირვება და დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს.