ქალისთვის ფრჩხილების მოვლა ყოვლთვის მნიშვნელოვანი იყო. ბოლო დროს ქალბატონები ფრჩხილებს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენში ნეილ-არტისტების ფედერაციაც კი გაჩნდა, რომელსაც თავის პრეზიდენტი ჰყავს.
"მე ვარ თინა კუჭუხიძე - საქართველოს ნეილ-არტისტების ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო სილამაზის ფედერაციის (მსოფლიო სილამაზის კონგრესის) სექციის პრეზიდენტი. ასევე გახლავართ საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი ორ ნომინაციაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს პრიზიორი და გრან-პრის მფლობელი. ჯამში 20-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველადგილოსანი ვარ. ვმუშაობ როგორც ინსტრუქტორი, ნეილ-არტისტი, საერთაშორისო დონის ტრენერი და ექსპერტი, ასევე საერთაშორისო მსაჯი. ამ სფეროში უკვე 17 წელია აქტიურად ვმუშაობ, კონკრეტულად კი ფრჩხილების მოვლის მიმართულებით. მანამდე, 2000 წლიდან, ჩემი პირველი პროფესია სტილისტობა იყო“ - ასე დაიწყო ჩვენი საუბარი თინა კუჭუხიძესთან, რომელიც ეს საქმიანობა ჯერ საქართველოში ისწავლა და მერე კი ემიგრაციაში მოუწია წასვლა, კერძოდ, საბერძნეთში.
თინა კუჭუხიძე:
- თავდაპირველად არალეგალურად ვიყავი იქ, შემდეგ კი - ლეგალურად. როგორც ყველა დანარჩენი ემიგრანტი, მეც სახლებს ვალაგებდი და ოჯახებში ვმუშაობდი. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა. როცა ენა არ იცი და არც ლეგალური სტატუსი გაქვს, არავის სჭირდება შენი პროფესიული მომსახურება. მერე ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი და ჩემი საყვარელი საქმე უნდა მეკეთებინა. სულ ვოცნებობდი საკუთარი სალონი მქონოდა. დავიწყე ამაზე ზრუნვა და შესაბამისი განათლების მიღება. იქ ვისწავლე დანარჩენი ორი პროფესია - ვიზაჟი და ნეილ-არტი (ფრჩხილების მოდელირება). საბერძნეთში ასე გავატარე 12 წელი. მერე საქართველოში დავბრუნდი და ჩემი სტუდია გავხსენი, სადაც ვმუშაობ.
- გარდა იმისა, რომ სხვის სილამაზესა და გარეგნობაზე ზრუნავთ, თქვენი საკუთარი ვიზუალიც აღსანიშნავია. მართლა იშვიათია ადამიანი, რომელიც ყოველდღიურობაში ასეთი გრძელი ფრჩხილებით ცხოვრობდეს. ეს როდის გადაწყვიტეთ და რატომ?
- ონიქოფაგიის მსხვერპლი ვიყავი, ანუ ბავშვობიდან ფრჩხილებს ვიკვნეტდი. ყოველთვის მინდოდა ლამაზი ფრჩხილები მქონოდა. ფრჩხილების სილამაზეს ცოტა განსხვავებულად აღვიქვამდი. მერე, როდესაც მოკლე ფრჩხილების დაგრძელება ვისწავლე, პრაქტიკების გავლა საკუთარ თითებზე მომიწია. იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ვიყავი, ბევრი ნაცნობი არ მყავდა, რომ სწავლის პროცესში მათზე მევარჯიშა და ნელ-ნელა ისე შევეჩვიე, რომ მარცხენა ხელითაც თავისუფლად ვმუშაობდი, რაც ხელს საერთოდ არ მიშლიდა. ფრჩხილები ყოველთვის მოწესრიგებული მქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ხელოვნურმა საფარმა გადამარჩინა და კვნეტას გადამაჩვია.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩვენთან ეს ინდუსტრია ახალი განვითარებული იყო. მერე გამოჩნდა უფრო გრძელი ფრჩხილები, ახალი ტექნიკები. მეც მუდმივად ვცდილობდი განვითარებას, სხვადასხვა სემინარს ვესწრებოდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სამშობლოში მთელი ცოდნითა და პრაქტიკით აღჭურვილი დავბრუნებულიყავი.
დროთა განმავლობაში, როცა სილამაზის სფეროში ჩემპიონატებს ვაკვირდებოდი, ძალიან მომეწონა ფანტაზიური და კრეატიული მოდელირების მიმართულება. ხატვა და ძერწვა ძალიან მიყვარს და ეს ყველაფერი ამ მიმართულებაშია გაერთიანებული.
- და პირველი ჩემპიონატზე როდის გახვედით?
- ეს იყო საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატი. იქ ზუსტად ფანტაზიურ-კრეატიული მოდელირების ნიმუში წარვადგინე, რომელმაც პირველი ადგილი მომიტანა. შემდეგ მივხვდი, რომ მუდმივი სასწავლო პოლიგონი მჭირდებოდა, ჩემი თითები კი ამისთვის ერთადერთი ვარიანტი იყო. საათობით არავინ დაგიჯდება და თუ დაგიჯდება, მორიდებით უნდა იყო, რომ ასეთი გრძელი, კრეატიული კონსტრუქციები ქლიბო და უკეთო. ნელ-ნელა შევეჩვიე საკუთარ თითებზე მეცადინეობას. ვატყობდი, რომ რასაც ვაკეთებდი, მომწონდა, რადგან მსიამოვნებს ის, რასაც ვუყურებ. ტექნიკის ნიუანსები რომ არ დამავიწყდეს, ყოველთვიურად მიწევს ჩემი ფრჩხილების განახლება.
თავიდან 12-13 სანტიმეტრიანი თავისუფალი კიდით დავიწყე. საქართველოში რომ ჩამოვედი, მაშინაც კი ზედმეტად გრძლად ითვლებოდა ეს ფრჩხილები. დღესაც, როცა აღფრთოვანებულები მიყურებენ და მეკითხებიან, ამ თითებით როგორ ვცხოვრობ, ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდათ 12-13 წლის წინაც. ამ მეცადინეობამ და შრომამ მომიტანა დანარჩენი გამარჯვებებიც, რადგან მუშაობის პროცესში მოდის შთაგონება, იხვეწება ხელი და ხედვა. ასე რომ, ამ ეტაპზე, ყველა ჩემი რეგალიის გარდა, ვარ ერთადერთი სპეციალისტი მთელ კავკასიაში, რომელიც ფლობს ფრჩხილების კასტინგ-ტექნიკას და მიჰყვება ამ მიმართულებას.

- რომ აგვიხსნათ, რა ტექნიკაა ეს?
- ეს ტექნიკა შექმნილია როგორც ფანტაზიური, კრეატიული მოდელირება. კონსტრუქციები ყოველდღიურ სახმარად არ აღიქმება - ხელოვნების ნიმუშია. ტექსტილშიც ხომ არის ისეთი მიმართულებები, მოდის ჩვენებებზე რომ ვხედავთ და ყოველდღიურად არ ვიცვამთ, მაგრამ ხელოვნების ნიმუშად მივიჩნევთ? ანალოგიურად, ჩვენთანაც ფრჩხილის ზედაპირის ასეთი გაფორმება და კრეატიული მიმართულება აღიქმება არა ყოველდღიურ მოხმარებად, არამედ საჩვენებელ, საუკეთესო სახელოვნებო ნამუშევრად. თუ ამას სპეციალისტი აკეთებს, ესე იგი, ის დახელოვნების უმაღლეს საფეხურზეა.
ის, რაც სალონებში ყოველდღიურად კეთდება, სალონური მომსახურებაა, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს მიმართულება, რომელიც ხელოვნებისკენ მიდის. ფრჩხილის ზედაპირზე ისეთი საოცარი ნახატებისა და ფიგურების გამოძერწვა ხდება, რომ მას უკვე აღიქვამ როგორც ხელოვნების ნიმუშს და არა უბრალოდ ფრჩხილს. ეს მიმართულება ზუსტად იმათგან განვითარდა, ვისაც კრეატიული მოდელირება უყვარს.
ჩემპიონატებზე არსებობს ასეთი ნომინაცია: "სრული ფანტაზიური კრეატიული სახე“ (Full Fantasy Image). სხვათა შორის, მხოლოდ ამ ნომინაციებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სალონურ მიმართულებას ყურადღებას არც ვაქცევდი. ჩემი დიდი მიზანი და სურვილი იყო, ჩემს ფანტაზიაში არსებული სახე თავიდან ბოლომდე რეალობად მექცია. აი, ახლახან ჩატარდა "ნეილ კონგრესი“ (Nail Congress), სადაც ჩემი მინი-შოუ წარვადგინე - ფანტაზიურ-კრეატიული ნომინაცია გავიტანე და ინდიელების თემატიკა დავამუშავე. ვფიქრობ, ეს ბევრს აინტერესებს, უბრალოდ საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. თუმცა, უკვე მყავს მოსწავლეები, რომლებიც შემომიერთდნენ.

- ამ ფრჩხილების შესაქმნელად რა მასალას იყენებთ? რამდენად უსაფრთხოა, ალერგიული ხომ არ არის და არის თუ არა აბსოლუტურად უვნებელი ჯანმრთელობისთვის?
- ეს არის ჩვეულებრივი გელი (Builder Gel), რომლითაც ნებისმიერი სხვა ქალბატონი იგრძელებს ხოლმე მოკლე ფრჩხილებს. უბრალოდ, კონსტრუქციულად, არქიტექტურისა და სწორი გაქლიბვის წყალობით, ის მიყვანილია იმ დონემდე, რომ ასეთ სიგრძეს უძლებს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, შენობები რომ ავაშენოთ და 200 სართულამდე ავიყვანოთ. ამ ყველაფერს მე ვაკეთებ. დაახლოებით 8 საათი მჭირდება, რომ ორივე ხელი მოვიწესრიგო და დიზაინის დონემდე მივიყვანო. დიზაინს კი უკვე ჩემი ფანტაზიით ვქმნი. ამ ყველაფერს მხოლოდ გამაგრების ეფექტი აქვს. ვისაც მოკლე ფრჩხილი უნდა, ის გელ-ლაქს ირჩევს, დანარჩენები კი გელს ანიჭებენ უპირატესობას.
- რამდენად მოსახერხებელია ამ სიგრძის ფრჩხილებით ცხოვრება? მაგალითად, თავის დაბანა, ჭურჭლის გარეცხვა და ა.შ. როგორ ართმევთ თავს?
- ეს ყველაფერი ერთ დღეში არ დაწყებულა. ერთ დღეს რომ გაიღვიძო და 12-სანტიმეტრიანი ფრჩხილები დაიგრძელო, სრულიად უფუნქციო იქნები და ვერაფერს გააკეთებ. როცა მოდელებზე საგამოფენო ნამუშევრებს ვაკეთებ, ფოტოების გადასაღებად, მათთვისაც სრულიად მოუხერხებელია პირველივე საათებში ამ სიგრძით ყოფნა. მაგრამ მე ეს პროცესი 14-15 წლის წინ დავიწყე - ნელ-ნელა, მილიმეტრ-მილიმეტრობით ვუმატებდი სიგრძეს და ასე შევეჩვიე.
თავიდან ეს ჩემპიონატებისთვის მოსამზადებელი და ხელიდან შეცდომების გამოსასწორებელი სამეცადინო საშუალება იყო. როცა მთელი თვე ერთი და იგივე ნამუშევარი გიკეთია, უფრო კარგად ხედავ, სად არის დასამუშავებელი, სად სჭირდება სისქის ან სიგრძის მომატება. მერე ადვილად ითვისებ დეკორაციებსაც - მარტო ტექნიკა ხომ არ არის, ფერთა შეხამებაც სწორი და ლამაზი უნდა იყოს. მოკლედ, სამეცადინოდ დაწყებული საქმე მერე ჩვევაში გადამივიდა. ახლა ამ სიგრძის გარეშე აღარ შემიძლია, 12 სანტიმეტრიდან 10-მდე რომ ჩამოვიდე, მგონია, რომ მოკლეა და მოუხერხებელია, შეჩვევა მჭირდება.

თუმცა, გეტყვით, რომ ყველაფერს ვერ ვაკეთებ - ხინკალს ნამდვილად ვერ მოვახვევ (თუმცა, ძალიან რომ მოვინდომო, ალბათ მაგასაც შევძლებ). სისწრაფის თვალსაზრისით, ცომთან მუშაობა ან მძიმე საგნების აწევა მიჭირს. ასევე, პატარა ღილაკებთან ურთიერთობისას და ლეპტოპზე ბეჭდვისას შეზღუდული ვარ, ჩემი სპეციფიკური ხერხით ვბეჭდავ. აი, ჭურჭლის რეცხვას რაც შეეხება, ხელითაც ვრეცხავ. ეს მასალა იმდენად მყარი და ჩემზე მორგებულია, რომ პრობლემას არ მიქმნის. როგორც ნებისმიერი ქალბატონი იკეთებს ფრჩხილებს თვეში ერთხელ, ისე ვიკეთებ მეც.
რა თქმა უნდა, ტრავმებიც მქონია. ახლახან საშინელი ტრავმა მივიღე - წავიქეცი, თითი უხერხულად მოჰყვა და ფრჩხილი კერატინის დისკიანად მთლიანად ამძვრა. მერე ჩვეულებრივად წამოიზარდა და თავიდან გავიკეთე. ის რამდენიმე თვე ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო, რომ დავრწმუნებულიყავი, მჭირდებოდა თუ არა ეს ფრჩხილები. მივხვდი, რომ ძალიან მჭირდება. არ ვიცი, რა ასაკში დავიმოკლებ, იმიტომ რომ მომწონს, მსიამოვნებს მათი ტარება და თავად კეთების პროცესიც. ერთი სული მაქვს ხოლმე, თავისუფალი დრო გამოვნახო, დავჯდე და რაღაც ახალი, საინტერესო დიზაინი შევქმნა... მოკლედ, ზოგს მოკლე ფრჩხილი ურჩევნია, ზოგს - გრძელი ნაწნავები, წამწამები... სილამაზის სფეროს რაც შეეხება, მაგალითად, მე ხელოვნურ წამწამებს ვერ ვიტან.
- ვიღაცები პატივს სცემენ ალბათ თქვენს არჩევანს, თუმცა ალბათ ზოგოერთები მაგალითად სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებს გიწერენ...
- ჩემთვის პირადად უხეშად არავის არაფერი უთქვამს, რადგან რეალობაში ჩემი ყოველი მოძრაობა იმდენად დიდ აღფრთოვანებას იწვევს, რომ პირისპირ ცუდს ვერაფერს მეუბნებიან. კომენტარებში კი ძირითადად ხდება უხეშობა, მაგრამ ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. ერთხელ ქალბატონმა ირმა სოხაძემ მითხრა: როდესაც ცნობილი ხდები, უნდა შეეგუო იმასაც, რომ სხვისი სამიზნე გახდები - იმათი სამიზნე, ვისაც კომენტარების წერა არ ეზარება და ვისთვისაც ეს ცხოვრების სტილიაო. ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ეს სოციალური გვერდების ეფექტია.
რეალურად, ყველაზე უხეში კითხვა, რასაც სვამენ, არის: "როგორ იბან?“, "როგორ იწმენდ ფრჩხილს?“. მაგრამ არავინ ინტერესდება იმით, რომ ეს არის ჩვეულებრივი კონსტრუქცია - საკუთარი ფრჩხილი ქვემოდან ზუსტად ისეთივე მოკლე მაქვს, როგორსაც ნებისმიერი ნატურალური ფრჩხილის მქონე ადამიანი ატარებს. და როგორც თქვენ იცავთ ჰიგიენას, ისევე ვიცავ მეც. ქვემოდან ჩემს ნატურალურ ფრჩხილს ფიზიკურად ვერ გავიზრდი, იმიტომ რომ ეს სპეციფიკური არქიტექტურაა. ეს არის მთლიანად პლასტიკური მასალა, როგორც ერთჯერადი ჭიქა ან საკვები კონტეინერი. აი, რესტორანში რომ შედიან საჭმელად, ხომ არავინ კითხულობს შეფ-მზარეულს ხელები დაბანილი ჰქონდა თუ არა? აქ კი, ამ წუთას, ყველაზე ამაზრზენი ფიქრები უჩნდებათ ხოლმე. გვაქვს სპეციალური ჯაგრისები, საპონი, გამდინარე წყალი... რატომ უნდა დაერქვას ფრჩხილის ქვედა ნაწილს სიბინძურის ბუდე? მით უმეტეს, ჩემს ვიდეოებში არაერთხელ მიჩვენებია, რა იდეალურ მდგომარეობაშია ფრჩხილის ქვედა მხარე.

მე ამ პროფესიიდან გამომდინარე ისედაც ალერგიული კანი მაქვს. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ უნდა დამენებებინა თავი ამ საქმისთვის, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობითა და მოვლით შევძელი პროფესიაში დარჩენა. ჩემმა ორგანიზმმა ეს აიტანა. კანის მუდმივი სიმშრალე მაქვს და სანამ ამ სფეროში ვიქნები, მექნება კიდეც, რადგან მუდმივად ქიმიურ ნივთიერებებთან და გამხსნელებთან - მთელ მენდელეევის ტაბულასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ჰიგიენასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ შეიძლება მოკლე ფრჩხილებში ვინმეს უფრო მეტი სიბინძურე ჰქონდეს, ვიდრე მე, ჩემს მოვლილ ფრჩხილებში. ყველგან ჯაგრისები მაქვს, ხელი მუდმივად უნდა დავიბანო, რომ ალერგიამ არ შემომიტიოს. ასე რომ, ჩვეულებრივი ჰიგიენა მაქვს, როგორც ყველას. რაც შეეხება რადიკალურ და მახინჯ კომენტარებს, მათ უბრალოდ ბინძური ფანტაზიის ნაყოფად აღვიქვამ და ყურადღებას აღარ ვაქცევ...
სამზარეულო ძალიან მიყვარს, სახლში წესრიგს თავად ვამყარებ. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარეც მყავს, მე თვითონ მიყვარს ჩემს სახლში ფუსფუსი, რადგან ოჯახური სითბო მაკლია - მუდმივად სტუდიაში ან მოგზაურობებში ვარ. რასაც ფიზიკურად ვერ ვასწრებ, იმაში მეუღლე მეხმარება, დანარჩენს კი თავად ვაკეთებ.
- შვილები რას ამბობენ?
- ჩემი შვილები ძალიან მიჭერენ მხარს. ჩემი მეუღლე, შვილები, დედა - ოჯახის ყველა წევრი ამაყობს ჩემი განვითარებითა და წინსვლით. ყველანი გვერდით მიდგანან, რადგან იციან, რამხელა შრომა მაქვს ჩადებული ამ საქმეში. საქართველოში რომ ჩამოვედი, მინუს ერთიდან დავიწყე ყველაფერი. საბერძნეთში კლიენტების დიდი ბაზა და განვითარების მაღალი დონე დავტოვე. 12 წლის შემდეგ რომ ჩამოვედი, აქ თაობა შეცვლილი იყო, ნაცნობი აღარავინ მყავდა, გარდა იმისა, რომ ჩემს მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობდი. აქ დიდ წინააღმდეგობასა და სტერეოტიპებს წავაწყდი. სულ მესმოდა კითხვა: "რაში გჭირდება ეს ფრჩხილები?“. მჭირდება, მსიამოვნებს, მომწონს და პლუს - პროფესიულ განვითარებაში მეხმარება. საბოლოოდ, ჩემი ვარდისფერი თმა და გრძელი ფრჩხილები ჩემს სავიზიტო ბარათად ჩამოყალიბდა. როცა მახასიათებენ, ხშირად ამბობენ: "აი, ის ქალბატონი, უცნაურ ფრჩხილებს რომ ატარებს“.
ნეილ-არტისტებისთვის ვარ ადამიანი, ვინც პირველად გამოფინა თავისი რეგალიები საჯაროდ და ხმამაღლა ისაუბრა იმაზე, რომ თურმე არსებობს ჩემპიონატები, განვითარების გზა და ამ სფეროში შეიძლება პრეზიდენტიც კი გერქვას. წარმოიდგინეთ, საერთაშორისო მსაჯიც ხარ. ხუმრობით ვეუბნები ხოლმე ჩემს მეუღლეს - გაგიმართლა, პრეზიდენტის გვერდით რომ ხარ-მეთქი (იცინის).
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. საქართველოში ჩამოსვლისას დეპრესია რომ არ დამწყებოდა იმის გამო, რომ ცხოვრების ნულიდან დაწყება მომიწია, ჩემთვის ასეთი "გასართობი“ მოვიგონე - დავიწყე ჩემპიონატებზე ფიქრი, ოცნებების ახდენა, მოგზაურობა და უამრავი ადამიანის გაცნობა. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ როგორც კი საზღვარგარეთ გადადიხარ, ხალხი აღფრთოვანებით გიყურებს, რადგან ხედავენ, რომ ეს არის "ჰენდმეიდი“ (ხელნაკეთი ნამუშევარი), რაშიც ადამიანმა დრო და ენერგია ჩადო. ნელ-ნელა ცნობილი სახეც ვხდები.
უკვე ჩემპიონი ქართველი გოგოებიც გვყავს, ძლიერი გუნდი შევკარით. ამ ფედერაციაში თავიდან როგორც წევრი, ისე მივედი, მერე კი პრეზიდენტი გავხდი და უკვე 7-9 წელია ამ პოზიციაზე ვარ.
ჩემი თასები დღემდე სტუდიაში მაქვს გამოფენილი და ძალიან მეამაყება. 2025-2026 წლები კი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნამდვილი გუნდი შეიქმნა - გვყავს ნეილ-არტისტები, რომლებიც ონლაინ და ოფლაინ ჩემპიონატებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს ჩემთვის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია.