მოხრილი ხერხემალი, სუსტი კისერი, ხელები, დაზიანებული მოტორული უნარები და სხვა - რა არის “ტელეფონის სხეული“ და როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენზე?

მოხრილი ხერხემალი, სუსტი კისერი, ხელები, დაზიანებული მოტორული უნარები და სხვა - რა არის “ტელეფონის სხეული“ და როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენზე?

ელექტრო მოწყობილობები ჩვენს სხეულს იმდენგვარად ცვლის, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია.

უახლესი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, მობილური ტელეფონი და სხვა მოწყობილობები შესაძლოა თქვენი კისრის ფორმას ცვლიდნენ, აზიანებდნენ მხედველობას და მოტორულ უნარებს და ამცირებდნენ კუნთების ძალას. ზოგი იმაზეც წუხს, რომ ჩვენი ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ცხოვრება ნაოჭების მომრავლებასაც იწვევს. ამ ფიზიკური პრობელემიდან ზოგიერთმა, შესაძლოა, თავის მხრივ კოგნიტიური დაქვეითება ან სხვა უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. საბედნიეროდ, თუ არ გსურთ, რომ ტექნოლოგიებმა თქვენი სხეული დააზიანოს, არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც თავის დასაზღვევად შეგიძლიათ.

ხერხემლის დეფორმაცია

თუ ამ სტატიას ტელეფონში კითხულობთ, დიდი შანსია, რომ თავს დაბლა ხრით. "წინ წამოწეულმა თავის პოზამ" შეიძლება კისერზე 27 კგ-მდე ზეწოლა მოახდინოს, დროთა განმავლობაში კი ამან ხერხემლის დისკები და სახსრები დააზიანოს, გამოიწვიოს კუნთების დეგენერაცია და ფილტვების მოცულობის შემცირებაც კი. მას მეტსახელიც აქვს: "ტექ კისერი".

ექიმის რჩევით, პრობლემის გამოსწორებაში სპეციალური ვარჯიშები დაგეხმარებათ. თუმცა, არსებობს უფრო მარტივი გამოსავალიც: ასწიეთ ტელეფონი სახის გასწვრივ, ეკრანი თვალის დონეზე დააყენეთ, სახისგან ხელის სიგრძეზე. იგივე რჩევა ვრცელდება კომპიუტერის მონიტორებზეც. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეკრანთან შესვენებები დაგეხმარებათ. სცადეთ, რომ ყოველ ნახევარ საათში 20-წუთიანი შესვენება გააკეთოთ.

გაღიზიანებული კანი და დანაოჭებული კისერი

ბოლო პერიოდში შეშფოთების ახალი მიზეზი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, იწვევს თუ არა "ტექ კისერი" ნაოჭების გაჩენას. "თეორიულად, ეს ლოგიკურია",- ამბობს ჯასტინ ჰექსტალი, კონსულტანტი დერმატოლოგი და დიდი ბრიტანეთის ექიმთა სამეფო კოლეჯის წევრი. "განმეორებითი ზეწოლა იწვევს ნაოჭების გაჩენას, ამიტომ კისრის მუდმივად წინ გადახრა და აწევა შეიძლება ნაოჭების წარმოქმნის მიზეზიც გახდეს, თუმცა ამ კავშირის დამადასტურებელი არცერთი სანდო კვლევა არ ჩატარებულა",- ამბობს ის.

მხედველობის დაქვეითება

მიოპიის (ახლომხედველობის) მაჩვენებლები ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად იზრდება. თუ გავითვალისწინებთ, რა შეიცვალა, ადვილია ამაში ტექნოლოგიების დადანაშაულება.

"20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვების თვალის განვითარების გრძივი კვლევა ჩავატარეთ, რათა გაგვეანალიზებინა მიოპიის დაწყებისა და პროგრესირების რისკ-ფაქტორები",- ამბობს დონალდ მუტი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპტომეტრიის პროფესორი. "მთავარი კითხვა იყო, არსებობს თუ არა კავშირი მიოპიასა და "ახლო მუშაობას" შორის, ანუ ამოცანებს შორის, რომლებიც გაიძულებთ, ყურადღება გაამახვილოთ სახესთან ახლოს მყოფ რაღაცაზე, მაგალითად ტელეფონზე. აღმოვაჩინეთ, რომ ასე სულაც არაა",- ამბობს პროფესორი.

პროფესორი მუტის თქმით, კვლევამ კიდევ ერთი რამ გამოავლინა: გარეთ გატარებულ დროს, როგორც ჩანს, დამცავი ეფექტი აქვს: "იდეა ისაა, რომ გარედან სხივური შუქი ასტიმულირებს დოპამინის ბადურიდან გამოყოფას და როგორც ჩანს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი თვალების განვითარებაზე,"- ამბობს მუტი.

ტექნოლოგია გლობალური ცვლილების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უმეტესი დროის შენობაში გატარებას. ამ გაგებით, მუტის აზრით, თქვენს მოწყობილობებს შეიძლება არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს თქვენს თვალებზე. "ამ პრობლემის გადაჭრის გზა მარტივია - თქვენ უბრალოდ მეტი დრო უნდა გაატაროთ გარეთ. ეს არა მხოლოდ თვალებისთვისაა კარგი, არამედ უკეთესი ძილიც გექნებათ, მაგრამ მზისგან დამცავი კრემი და სათვალე გამოიყენეთ, რათა თავიდან აიცილოთ მზის სხივების მავნე ზემოქმედება",- ამბობს პროფესორი.

სუსტი ხელები

მოჭიდების ძალა სულ უფრო მეტად აღიარებულია, როგორც თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის ძირითადი მარკერი. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადრეულ სიკვდილს უკეთ პროგნოზირებს, ვიდრე არტერიული წნევა.

"არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპიუტერზე დაფუძნებულ, უმოძრაო სამუშაოზე გადასვლა ხელს უწყობს ფიზიკური ძალის დაქვეითებას და სავარაუდოა, რომ ეს ასევე იმოქმედებს მოჭიდების ძალაზე,"- აცხადებს იოჰანეს ბელერი, გერმანიის ქალაქ ლაუზიცის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო სოციოლოგიის პროფესორი.

ხელისა და თვალის კოორდინაცია

"როგორც ჩანს, ტექნოლოგია გავლენას ახდენს მოტორულ უნარებზეც, უნარებზე, რომლებიც გონებასა და სხეულს ზუსტი მოძრაობებისთვის ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია გაგხადოთ უკეთესი ისეთ რაღაცეებში, როგორიცაა დაწკაპუნება და გადაფურცვლა,"- ამბობს სებასტიან საგეიტი, განვითარების ფსიქოლოგიისა და განათლების პროფესორი გერმანიის რეგენსბურგის უნივერსიტეტში. "მაგრამ თუ უფრო ფართო მოტორული უნარების განვითარებას დავაკვირდებით, მტკიცებულებები უარყოფით ეფექტზე მეტყველებს. ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით ბავშვებზე ზემოქმედების შესახებ, ვიდრე უფროსებზე."

საგეიტის კვლევა აჩვენებს კავშირს ეკრანთან გატარებულ დროსა და მოტორული უნარების გაუარესებას შორის.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან არსებობს კორელაცია მოტორულ უნარებსა და კოგნიტურ და აკადემიურ განვითარებას შორის ბავშვებსა და მოზარდებში. მისი რჩევაა არ დაპანიკდეთ და არ აკრძალოთ ეკრანები. ამის ნაცვლად, შეგნებულად დანერგეთ პრაქტიკული აქტივობები ყოველდღიურ ცხოვრებაში: მუდმივი პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა საჭმლის მომზადება ან ხელნაკეთობების დამზადება, თავად საგეიტი ხეზე მუშაობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ინსტრუმენტზე დაკვრა ან თუნდაც უბრალოდ ხელით წეროთ.

"ეს არ არის სამყაროს დასასრული", - ამბობს საგეიტი. "მაგრამ მაშინაც კი, თუ ტექნოლოგიების ეფექტები ზომიერიდან მცირემდეა ინდივიდუალურ დონეზე, კოლექტიურად, თაობებს შორის, ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოების პოტენციურ დასუსტებაზე და რეალობაში აზროვნების უუნარობაზე, რადგან ხელები არის ჩვენი სამყაროსთან კონტაქტის ცენტრალური წერტილი".

წყარო: www.bbc.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა