ავსტრალიის კოსმოსური სააგენტოს (ASA) განცხადებით, ჩრდილოეთ ქვინსლენდის სანაპიროზე აღმოჩენილი იდუმალი მეტალის სფეროების სავარაუდო წარმომავლობა უკვე დადგენილია. სააგენტოს ინფორმაციით, ისინი, დიდი ალბათობით, კოსმოსური გამშვები რაკეტის წნევის ავზებია, თუმცა ამ ეტაპზე ეს ოფიციალურად დადგენილი არ არის.
ASA-ის განცხადებით, ობიექტების ფორმა, ზომა და აღმოჩენის ადგილი ემთხვევა იმ კოსმოსურ ნარჩენებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ორბიტიდან დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნდნენ. სააგენტო ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ოფიციალურად დაადგინოს, რომელ ქვეყანას ეკუთვნის აღმოჩენილი ავზები.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი საეჭვო საგნის აღმოჩენის შემთხვევაში მას არ შეეხონ, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და საგანგებო სამსახურებს აცნობონ.

ფორესტ-ბიჩის ერთ-ერთი კვების ობიექტის მფლობელმა, ლიზა სკობიმ, განაცხადა, რომ უცნაურმა აღმოჩენამ პატარა სანაპირო ქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია.
მსგავსი შემთხვევა ავსტრალიაში პირველად არ ხდება. 2023 წელს ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილი უზარმაზარი მეტალის გუმბათი მოგვიანებით ინდოეთმა საკუთარ კოსმოსურ რაკეტას დაუკავშირა. ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ის პოლარული თანამგზავრის გამშვები რაკეტის (PSLV) ერთ-ერთი ნაწილია.
ანალოგიური სფერული ობიექტი 2011 წელს სამხრეთ აფრიკის მეზობელ ნამიბიაშიც აღმოაჩინეს.