დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსული ბალისტიკური ტერორისგან! არ არსებობს უფრო სასწრაფო ამოცანა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ნატო-ს სამიტისადმი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
"რუსი ტერორისტები მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, სამიზნედ საცხოვრებელი კორპუსები აირჩიეს, რათა მსხვერპლი მაქსიმალურად გაზრდილიყო. ერთ-ერთ რაიონში ნანგრევებიდან მთელი დაღუპული ოჯახი ამოიყვანეს: დედა, მამა და შვილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება და სამწუხაროდ, რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ანკარას სამიტის მიმართ პუტინის მესიჯი მარტივია: ის ბალისტიკურ რაკეტებს მძინარე ბავშვებისკენ მიმართავს და მკვლელობას გააგრძელებს მანამ, სანამ შეძლებს. რას უპასუხებენ ალიანსის ლიდერები? ახლა სუსტი ნაბიჯების დრო აღარ არის. ისინი მხოლოდ წაახალისებენ მოსკოვს, გააგრძელოს და გააფართოოს ტერორი უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს სიბიგა.
"გვჭირდება რეალური ნაბიჯები. PAC-3 რაკეტები შეიქმნა ადამიანების ასეთი ბარბაროსობისგან დასაცავად. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ასეთი რაკეტა ინახება პოტენციური საფრთხეებისთვის. მაგრამ უკრაინაში არსებული საფრთხეები პოტენციური არ არის! რუსული რაკეტები ყოველ კვირას ხოცავს ადამიანებს. უკრაინა ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველ კვირას ბალისტიკური თავდასხმების წინაშე დგას. ამ ტერორისგან დაცვის საშუალებები აქ უნდა იყოს და საჰაერო თავდაცვის შესახებ ყველა გადაწყვეტილება ახლავე გვჭირდება და არა მოგვიანებით. რადგან ჩვენთვის დრო ადამიანის სიცოცხლით იზომება“, - წერს სიბიგა.