საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე მეცნიერების, ჯანდაცვის, განათლებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენება მხოლოდ ფართო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატის გლობალურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.