საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატიული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „ბრძანების მიზანი მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულებაა“.
მათი ცნობით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო - ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატიული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
„სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.
დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.