ავტორი:

დედამიწის ბინადრები, რომლებიც ფაქტობრივად, სამუდამოდ ცოცხლობენ - რა ვიცით მათზე?

დედამიწის ბინადრები, რომლებიც ფაქტობრივად, სამუდამოდ ცოცხლობენ - რა ვიცით მათზე?

ბუნება თავის ციკლს მიჰყვება: ყველაფერი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. ასე ხდება ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების შემთხვევაშიც, დროის დასაბამიდან მის აღსასრულამდე.

თუმცა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ველურ ბუნებაში არსებობენ არსებები, რომლებიც ამ წესებს არ ემორჩილებიან და როგორც ჩანს, უკვდავების მიღწევაც კი შეუძლიათ.

  • ხმელთაშუა ზღვის მედუზის სასწაული

“BBC Earth“ ხმელთაშუა ზღვის მედუზის განსაკუთრებული სახეობის, Turritopsis dohrnii-ის შესახებ გვესაუბრება. ხატოვნად რომ ვთქვათ, ამ მედუზას “დროის უკან დაბრუნება“ შეუძლია.

პროცესის წყალობით, რომელსაც “უჯრედული ტრანსდიფერენციაცია“ ეწოდება, ამ მედუზას ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით დაზიანებული უჯრედების აღდგენა და გაახალგაზრდავება შეუძლია, რითაც ის მუდმივად “ბავშვობასა“ და სიმწიფის ასაკს შორის მოძრაობს.

იტალიის პალერმოს უნივერსიტეტის მეცნიერები წლებია ამ ეგრეთ წოდებულ “უკვდავ მედუზას“ სწავლობენ. მათ სჯერათ, რომ “Turritopsis dohrnii“ -ს სრული გენომის გაშიფვრა სიცოცხლის ციკლის შებრუნების საიდუმლოს ახდის ფარდას.

თუმცა “BBC Earth“-ის თანახმად, პალერმოელმა მკვლევრებმა შენიშნეს, რომ საბოლოო ჯამში ეს მედუზები მაინც კვდებიან, ასე რომ, შესაძლოა, ისინი სრულებითაც არ იყვნენ უკვდავები როგორც თავიდან ეგონათ.

  • გაუმარჯოს ჰიდრას!

ჰიდრას სახელი შეიძლება მითოლოგიიდან ან “Marvel“-ის ფილმებიდან გეცნოთ, მაგრამ ეს მედუზის მსგავსი არსებები სრულიად რეალურად არსებობენ და ტროპიკული / ზომიერი სარტყლების მტკნარ წყლებში ბინადრობენ.

ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემია განმარტავს, რომ ჰიდრები დროთა განმავლობაში საერთოდ არ ბერდებიან; ამის ნაცვლად, ისინი უსასრულო რეგენერირდების პროცესს განიცდიან, რაც მკვლევარებში დიდ აღფრთოვანებას იწვევს.

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რატომ ინარჩუნებენ ჰიდრები მარადიულ ახალგაზრდობას, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ამის საიდუმლო "ე.წ. “FoxO გენების" სახელით ცნობილ ნაკრებში იმალება, რომელიც როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებშიც გვხვდება.

ვინ იცის, შესაძლოა მეცნიერებმა ჰიდრების შესწავლით აღმოაჩინონ, რომ მარადიული ახალგაზრდობის გასაღები მთელი ამ დროის განმავლობაში თავად ჩვენში იმალებოდა.

  • ომარის დღეგრძელობა

საზღვაო ბიოლოგები დიდხანს მსჯელობდნენ იმაზე, შეიძლება თუ არა ომარები (ლობსტერები) უკვდავ არსებებად ჩაითვალონ.

საქმე ისაა, რომ ომარები, როგორც წესი, დაავადებებისა და მტაცებლების (მათ შორის ადამიანების ) გამო კვდებიან და არა სიბერით. მათ შეუძლიათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრდა და გამრავლება გააგრძელონ.

ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის ვებგვერდი განმარტავს, რომ მამრი ომარები ჩვეულებრივ 31 წლამდე ცოცხლობენ, ხოლო მდედრები 54 წლამდე.

მიუხედავად ამისა, ისტორიულად დაფიქსირებულია ერთი ეგზემპლარი, რომელიც 70 წელზე მეტი ხნის იყო, ხოლო ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან დაჭერილი კიდევ ერთი ომარის ასკი, სავარაუდოდ, 130 წელს აჭარბებდა.

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი მიიჩნევს, რომ ომარის უკვდავება მითია. ვინაიდან ისინი მთელი ცხოვრება იზრდებიან და ეგზოჩონჩხს იცვლიან, საბოლოოდ იმდენად იღლებიან, რომ ჯავშნის გამოსაცვლელად ძალა აღარ ჰყოფნით და კვდებიან.

  • ნელა და სტაბილურად

“Reader's Digest“ თქმით, თუმცა კუები ტექნიკურად უკვდავები არ არიან, მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ სიცოცხლე. მათი ყველაზე ცნობილი ხანდაზმული წარმომადგენელი, ოფიციალური მონაცემებით, 1834 წელს დაიბადა და დღემდე აგრძელებს ცხოვრებას წმინდა ელენეს კუნძულზე.

  • ვეშაპის ცხოვრება

ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის ხანგრძლივობით გრენლანდიური ვეშაპები გამოირჩევიან. ერთ-ერთმა მათგანმა დაახლოებით 211 წელს იცოცხლა.

ფაქტია, რომ დედამიწაზე ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ცხოველების დიდი ნაწილი სწორედ ოკეანეებში ბინადრობს. ეს ნამდვილად არის სრულიად განსხვავებული, ”უცხოპლანეტური“ სამყარო რომელიც თავდ ჩვენივე პლანეტის წიაღში მდებარეობს.

წყარო