ორშაბათს, ჩინეთის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოცადეს. ჩინეთის სამხედრო უწყებამ რაკეტა ატომური წყალქვეშა ნავიდან გაუშვა, რამაც რეგიონის სახელმწიფოების პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია.

“სინხუას“ განცხადებაში, რომელიც ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომაც გააზიარა, აღნიშნულია, რომ ეს გაშვება ყოველწლიური გეგმური წვრთნების ნაწილს შეადგენს, შეესაბამება საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკას და მიმართული არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან სამიზნის წინააღმდეგ.
ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ პეკინის ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკეს. ახალი ზელანდიის მთავრობაში განაცხადეს, რომ დაგეგმილი გამოცდის შესახებ მათ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე აცნობეს და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ რაკეტა სამხრეთ წყნარი ოკეანის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონაში ჩამოვარდა.
ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონა 1986 წლის რაროტონგას ხელშეკრულებით შეიქმნა. ის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილს მოიცავს და რეგიონში ბირთვული იარაღის არსებობას კრძალავს. ჩინეთმა ოქმების რატიფიცირება 1987 წელს მოახდინა, რითაც აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ ზონაში ბირთვულ იარაღს არ გამოცდიდა და არც მის გამოყენებას დააპირებდა რეგიონის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.