Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია ქართული სცენის ლეგენდა, მომღერალი ნანი ბრეგვაძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ნინო:
- მოგესალმებით, ქალბატონო ნანი. გვიყვარხართ. როგორ ბრძანდებით? როგორია თქვენთვის საინტერესოდ განვლილი 90 წელი?
- მოგესალმებით! მე ვარ ნანი ბრეგვაძე. სიამოვნებით გაგცემთ პასუხს თქვენს კითხვებზე... ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა და ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ნატა:
- ბავშვობაში როგორი იყო თქვენი დაბადების დღეები? რომელიმეს ხომ არ გაიხსენებთ? საერთოდ, როგორი ბავშვი იყავით?
- საერთოდ, ბავშვობა მქონდა შესანიშნავი და ლაღი. უწინ ყველას ჰქონდა თავისი ეზო იქ, სადაც ცხოვრობდა. დაბადების დღეები განსაკუთრებულად არ მახსოვს, მაგრამ ნაძვის ხის დღესასწაული კი - ყოველთვის! მქონდა არაჩვეულებრივი, ნამდვილი ნაძვის ხე, საუკეთესო სათამაშოებით. დედაჩემი ყოველთვის მიწყობდა ამ დღესასწაულს და ეს ჩემთვის დიდი ამბავი იყო. მგონია, რომ ძალიან დამჯერი, მაგრამ, ამავდროულად, ცელქი ბავშვი ვიყავი.
თინა:
- რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა და პირველად ვინ აღმოაჩინა თქვენში მუსიკალური ნიჭი? ვინ იყო თქვენი მუსიკის მასწავლებელი?
- დედაჩემისგან ვიცი, რომ სიმღერა ორი წლიდან დავიწყე. ვმღეროდი იმას, რასაც დედა ძილის წინ მიმღეროდა, თანაც - აბსოლუტურად სწორად. მერე სიმღერა ჩემმა ოჯახმა მასწავლა, რადგან ჩვენთან ყველას განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ჰქონდა: ყველა ჩემი დეიდა მღეროდა. ერთ-ერთი დეიდა, ქეთუნია მიქელაძე, პროფესიონალი მომღერალი იყო. ბევრი სიმღერა სწორედ მათგან შევისწავლე. მე სიმღერის მასწავლებელი არასოდეს მყოლია, ჩემი ოჯახი იყო ჩემი მასწავლებელი.თუმცა, როდესაც დედამ მუსიკალური ნიჭი და მუსიკისადმი ინტერესი დამინახა, მუსიკალურ სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე შემიყვანა.
ლიკა:
- ბავშვობაში ცელქი იყავით თუ დამჯერი? რა ინტერესები გქონდათ?
- ბავშვს მაშინ რა ინტერესები უნდა მქონოდა? - თამაში. ჩვენი ეზო ძალიან დიდი იყო, ბევრი რუსი და სომეხიც ცხოვრობდა, თუმცა ბრეგვაძეების ოჯახი - ჩემი ბიძები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები - ყველანი ერთად ვცხოვრობდით. გავდიოდით ქუჩაში და სპექტაკლებს ვდგამდით. მე, რატომღაც, ყოველთვის მთავარი, მზეთუნახავის როლში გამოვდიოდი. ეს ძალიან კარგად მახსოვს - ჩვენი მოგონილი სპექტაკლები...
ბესიკი:
- თბილისის რომელ უბანში იზრდებოდით და რა გავლენა იქონია უბანმა, ქუჩამ თქვენზე, რომელზეც ცხოვრობდით. ის პერიოდი ხშირად გახსენდებათ?
- ჩემი ბავშვობის ქუჩა როგორ დამავიწყდება. კოტე მესხის 25 ნომერში ვცხოვრობდით. ჩვენს სახლს დიდი ჭიშკარი ჰქონდა. ეს იყო ჩიხი, რადგან ქუჩა იქ მთავრდებოდა. საოცარი ხალხი ცხოვრობდა და საოცარი აურა ტრიალებდა: ზემოდან კოტე მესხის ქუჩა, მერე ვეძინის, აქეთ - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა, ოპერის პირდაპირ. იქ საბავშვო ბაღში დავდიოდი, საიდანაც კარგი მოგონებები მაქვს... ჩვენს სახლთან მთა ძალიან ახლოს იყო, სულ მთაზე ვიყავი ასული და ყვავილებს ვკრეფდი... ბუნება ჩემთვის დღემდე ყველაფერს ნიშნავს.

ნიკა:
- საზოგადოებისგან თქვენი, როგორც მომღერლის, აღიარება როდის მოხდა და რა იყო ეს თქვენთვის?
- თავიდან ვერ გეტყვით, როდის ვიგრძენი თავი მომღერლად, რადგან ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი - ჩემს თავში მომღერალი არ ვიყავი. მეგონა, რომ ყველა ჩემსავით მღეროდა. იცით, როდის აღვიქვი ეს რეალობა? როდესაც წოდებები წამოვიდა. ჯერ დამსახურებული არტისტის წოდება მომანიჭეს, ძალიან გამიკვირდა და შემრცხვა კიდეც. მერე, „ორერას“ პერიოდში, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მომცეს. აი, აქ უკვე მივხვდი, რომ ალბათ მართლა მომღერალი ვარ და ეს როლი ცხოვრებაში სერიოზულად უნდა მიმეღო.
- ცნობილია, რომ დედას თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. რომ არა თქვენ მიმართ, დედის თავდადება და მზრუნველობა შეძლებდით ისეთივე წარმატების მიღწევას, როგორსაც ცხოვრებაში მიაღწიეთ?
- როდესაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (გეპეი) თვითშემოქმედებითი ორკესტრი შეიქმნა, იქ მიმიწვიეს. ჩემს ოჯახში - ბაბუაჩემთან და დეიდებთან - ამის გამო დიდი ამბავი ატყდა... პირველი კლასიდან მუსიკაზე ხომ დავდიოდი, მაგრამ რომ გავიზარდე, თბილისი პატარა ქალაქი იყო, ყველა ერთმანეთს იცნობდა. ვიღაცამ თქვა, ერთი გოგოა, კარგად მღერის და ჩვენს ორკესტრში მოვიყვანოთო. ოჯახის მხრიდან დიდ წინააღმდეგობებს აი, მაშინ წავაწყდი, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ჩემს ცხოვრებასა და აღზრდას მთლიანად დედაჩემი მართავდა. მან იცოდა, რა იყო კარგი და რა - ცუდი. როდესაც სხვებმა უთხრეს, ბავშვი არ გაუშვა, სირცხვილია, რა დროს მისი სცენაზე გამოსვლააო, დედამ მტკიცედ თქვა: „არავითარ შემთხვევაში არ დაგთანხმდებით, ბავშვი უნდა წავიდეს და იმღეროს!“ აი, იქიდან დაიწყო დედაჩემის მუდმივი ხელშეწყობა.თუმცა, მე მაინც სერიოზულად ვმეცადინეობდი ფორტეპიანოზე. შესანიშნავი პედაგოგები მყავდა: ჯერ სასწავლებელში ნინა ვასილის ასული ბაგრატიონ-მესხი - ძალიან მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ საოცრად ვუყვარდი. კარგად ვუკრავდი, ბავშვურად და მუსიკალურად, თუმცა ტექნიკა აკლდა. მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე საფორტეპიანო განყოფილებაზე და იქ პროფესორი გაიანე მაჭუტაძე, უზადო პიანისტი, გახდა ჩემი მასწავლებელი.

ნათია:
- ვინ იყო თქვენი მამა და რა იყო მისი თქვენ მიმართ მთავარი მოთხოვნა?
- მამაჩემი რაჭველი კაცი იყო, რომელზეც უზომოდ ვგიჟდებოდი. საერთოდ, იცოდეთ, რაჭველი კაცები საუკეთესო მეოჯახეები არიან... მამაჩემს უდიდეს პატივს ვცემდი, მისი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო, თუმცა მისი ხმამაღალი ნათქვამი ცხოვრებაში არ მახსოვს. ახალგაზრდობაში თეატრალური სტუდია ჰქონდა დამთავრებული, ძალიან კარგი შესახედავი იყო და ძველ ფილმებში ხშირად თამაშობდა. მთავარ როლში არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთ ფილმში - „ზაპოროჟელი დუნაის მიღმა“ - მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. მისი სურათებიც მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამეკარგა. მოკლედ, მამის მიმართ დიდი რიდი, მოკრძალება და სიყვარული მქონდა, სულ მეფერებოდა: „გენაცვალე, გენაცვალეო“...დედაჩემი კი მკაცრი იყო და ყოველთვის მართავდა ყველაფერს. რა თქმა უნდა, დედამ გამზარდა, რადგან მამა სულ მუშაობდა - ხე-ტყის კომბინატის დირექტორი იყო. მერე მოადგილედ გადაიყვანეს, რადგან იმდენად წესიერი კაცი იყო, ფულს არ აკეთებდა. დედას ეუბნებოდა ხოლმე: „რა გინდა, ხომ კარგად ვცხოვრობთ,
უცნობი:
- ანსამბლ „ორერას“ თქვენს კარიერაში რა ადგილი უკავია - როგორ იხსენებთ იმ წლებს, იმ პოპულარობას და იმას, როცა უძრაობის პერიოდში, გასტროლებით ლამის მსოფლიოს შემოუარეთ... რომელიმე უცხოურ გასტროლს ხომ არ გაიხსენებთ?
- "ორერამ" ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაში უდიდესი ადგილი დაიკავა. ბიჭები საოცრად მანებივრებდნენ, მათ გვერდით ნელ-ნელა დავიხვეწე. ისეთი დამოკიდებულება გვქონდა, თითქოს ერთი ოჯახი ვიყავით. თავიდან ოთხნი იყვნენ, მერე მოემატათ წევრები. სულ კაცები იყვნენ და მე - ერთადერთი ქალი, 11 ბიჭის გარემოცვაში. ახლობლობა გვქონდა. მაშინ საგასტროლო პირობები ხშირად საშინელი იყო. დღემდე ვერ შევიყვარე მატარებელი, რადგან მაშინ საოცარი ჭუჭყი და ანტისანიტარია გვხვდებოდა. ამიტომ ჩემი საყვარელი ტრანსპორტი თვითმფრინავია.ბიჭები ნანისაც კი არ მეძახდნენ, ამას ყოველთვის სიცილით ვიხსენებ - „შალიკო“ შემარქვეს. „შალიკო, მოდი აქ, ეს გამიკეთე, ეს შემიკარი,“ - მეც ვეხმარებოდი ხოლმე.

ერთი ოჯახი ვიყავით. 15 წელი ვიყავი მათთან და არ მახსოვს, ვინმესთან რაიმე უსიამოვნება, დისკომფორტი მქონოდა - ხელისგულზე მატარებდნენ. გული დამწყდა, როცა „ორერა“ დაიშალა.რობერტ ბარძიმაშვილი თავის საქმეში ნამდვილი გენიოსი იყო. მას საქმის გარდა არაფერი აინტერესებდა. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა - მეუღლე, შვილი, მშობლები, ძმა, მაგრამ საქმე მისთვის პირველ ადგილზე იდგა. ავტობუსში რომ ჩავსხდებოდით და გასტროლზე მივდიოდით, ჩვენ ვხუმრობდით, ვიცინოდით, ის მარტო იჯდა და ფიქრობდა. მერე მივხვდი, რომ სულ ახალ პროგრამებზე, იდეებზე მუშაობდა და ამაზე მანამდე ბევრს ფიქრობდა. ძალიან მკაცრი ხელმძღვანელი იყო. ჩევენგან მაქსიმუმი ამოიღო. ერთხელ მითხრა კიდეც: „ნანი, მე თქვენგან უკვე ყველაფერი ამოვწურე, ახლა სხვა პროექტი უნდა დავიწყოო“.
"ორერას" შემდეგ, ჩემი უფრო სერიოზული დამოკიდებულება ხელოვნებასთან მაშინ დაიწყო, როდესაც მედეა გონგლიაშვილთან ერთად გამოვედი სცენაზე. წარმოიდგინეთ, უშველებელ სცენაზე ვდგავართ ორი ქალი - მედეა და მე. ძალიან ვნერვიულობდი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. სულ ვსწავლობდი: სცენაზე ისე ვერ იმღერებ, როგორც სახლში მღერი, ბევრი უნდა იმუშაო, წინ წახვიდე და არავითარ შემთხვევაში არ აღფრთოვანდე საკუთარი თავით. ეს ღუპავს ადამიანს, ვეღარ იზრდები. მე ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვიყავი, ძველი ჩანაწერები არასდროს მომწონდა. დღესაც რომ ვუსმენ, ზოგჯერ მრცხვენია, მაგრამ იმ დროისთვის დამახასიათებელი გადამეტებული სიტკბო და მელიზმები მქონდა, რომლებიც მოგვიანებით სულ მოვშალე. თუ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული არ ხარ, ვეღარ განვითარდები.

ლილიკო:
- "სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება“ - კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თქვენ დაგიწერათ?
- აღმაშენებლის მოედანზე ვცხოვრობდი, როდესაც სტუმრად ვაჟა აზარაშვილი და პეტრე გრუზინსკი მოვიდნენ. დედაჩემმა მაშინვე მიიღო სტუმრები, მეც დავჯექი. ვაჟა ფორტეპიანოს მიუჯდა და ერთი ქალაქური მელოდია დაუკრა. მე უცებ ავყევი იმ სტილში, სიმღერა დავიწყე. გაოგნებულმა შემომხედა - „შენ ამ მანერითაც შეგიძლია სიმღერაო?!“ პეტრე გრუზინსკიმ კი იქვე დაწერა პირველი ფრაზა: „სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება“. ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავდა ჩემს არსს. მართლაც, მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერაა - ეს წლების მერეც დადასტურდა. როცა ცუდ გუნებაზე ვარ, ან პირიქით - კარგზე, მარტო ვჯდები და ვმღერი. ასე ვცხოვრობ დღემდე.
ნიკოლოზი:
- რომელ კომპოზიტორს ემადლიერებით ყველაზე მეტად და თქვენ რატომ გირჩევდნენ, რომ მათი სიმღერები გემღერათ?
- თითქმის ყველა სიმღერა ჩემთვის ხალხთან დამაკავშირებელი ხიდი გახდა. როგორ შეიძლება არ ვახსენო ბიძინა კვერნაძე, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, არჩილ კერესელიძე... ის ხომ საერთოდ გენიოსი და უსაყვარლესი ადამიანი იყო! ბევრ კომპოზიტორს ალბათ ვერ ვიხსენებ და ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე. გენიოსი სოსო კეჭაყმაძის ურთულესი სიმღერაც მაქვს ნამღერი, თუმცა ის საოპერო, საკაპელო და დიდი ორკესტრისთვის იყო დაწერილი, სასცენო შესრულებისთვის, კონცერტებზე არც იმღერებოდა.

დავითი:
- რა გაბრაზებთ და რა გახარებთ?
- რა მძულს ადამიანში? ვერ ვუძლებ ტყუილს. ტყუილი ადამიანის ყველაზე საზიზღარი თვისებაა. როდესაც იცი რეალობა, ადამიანი კი თვალებში გიყურებს და უნამუსოდ სულ სხვას გეუბნება - ეს პირდაპირ მაგიჟებს. ამის შემდეგ ნდობა სამუდამოდ იკარგება. ყველაფერი კარგი კი მახარებს.
თემო:
- იოგათი რა პერიოდში დაინტერესდით და რამდენად იქონია ამან თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა?
- ჩემი მეუღლე, რომელთანაც გაცილებულები ვიყავით (გამცილდებოდა, აბა, რას იზამდა? სულ გასტროლებზე დავდიოდი), თავის ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო ამბების შემდეგ იოგათი დაინტერესდა. რაც მან მე მემკვიდრეობით დამიტოვა, სწორედ იოგაა. მარტო მე კი არა, ჩემი წყალობით მთელი „ორერა“ თავზე დგებოდა, ფეხებით ზემოთ. მეც აქტიურად ვვარჯიშობდი და დიდი წინსვლა მქონდა იოგებზე, რადგან ეს ვარჯიშები სისხლის მიმოქცევისთვის და ორგანიზმის გაკაჟებისთვის საუკეთესოა.

მარი:
- ხართ დედა, ბებია, დიდი ბებია - როგორია ამ ამპლუებში ყოფნა? ანუ როგორი დედა, ბებია და დიდი ბებია ხართ?
- ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი სახლი. გასტროლებზე სულ ვტიროდი, შინ მინდოდა, რადგან ჩემი სახლი სავსე იყო მეგობრებით, შვილებითა და მერე უკვე შვილიშვილებით. თუ გასტროლებზე კარგი პირობები იყო, ბავშვები ყოველთვის თან დამყავდა. როდესაც ეკა შემეძინა, მთელი ერთი წელი არ მიმღერია, სახლში ვიჯექი, რადგან ეს ჩემთვის საოცარი სიხარული იყო. მერე, როცა გასტროლები განვაახლე, ბავშვის გარეშე მიჭირდა, მაგრამ დედაჩემი ისეთი საოცარი ბებია იყო, რომ აბსოლუტურად მშვიდად ვტოვებდი. როცა ჩამოვდიოდი, დედა არ მანებივრებდა, მეუბნებოდა: ახლა შენ იყავი ბავშვთან, რომ დედის სითბო იგრძნოსო. მუსიკაზეც მე დამყავდა.დედაჩემი ძალიან ენამოსწრებული ქალი იყო. ეკას რომ ბავშვები მოჰყავდა ხოლმე ჩვენთან, დედა ამბობდა: „ბავშვები რომ მოჰყავთ, ძალიან მიხარია, მაგრამ რომ მიჰყავს - უფრო მეტად მიხარიაო“. ეს ხუმრობა მერე საკუთარ თავზე გამოვცადე. ბიჭები (შვილიშვილები) რომ წამოიზარდნენ, ნამდვილად კარგი ბებია ვიყავი. „ორერას“ ბიჭებს პირდაპირ ვუთხარი: „თავს დავანებებ სიმღერას, თუ ორ თვეს - ივლისსა და აგვისტოს - არ მაჩუქებთ, მე ბავშვებთან უნდა ვიყო-მეთქი“.
ასეც მოხდა. მთავრობამ წყნეთში აგარაკი გამომიყო (ჩემ გვერდით სოფიკო ჭიაურელს ჰქონდა აგარაკი) და იქ დილიდან საღამომდე შვილიშვილებს დიდი სიამოვნებით ვუვლიდი. მოსკოვსა და ლენინგრადშიც დამყავდა ბავშვები. გოგიკო პატარა იყო და ჩემს კონცერტებზე სიარულით ისე დაიღალა, ტიროდა ხოლმე: „აღარ მინდა (სიმღერას გულისხმობდა), არ წამოვალ“.შვილიშვილები ჩემს სახლში არ გაზრდილან, თავიანთი ოჯახები და დედები ჰყავდათ, ამიტომ ყოველდღიური მოვლის მომენტი არ მქონია, მაგრამ წამოიზარდნენ და არაჩვეულებრივი ადამიანები დადგნენ. ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ და პატივს მცემენ.
რა ბედნიერებაა, როცა ოჯახში არის სიწყნარე, სიმშვიდე, სიყვარული, როცა ბავშვები კარგად აღზრდილები არიან, სწავლობენ და არ გაწუხებენ. აი, ეს არის ჩემი უდიდესი ბედნიერება. ჩემი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ოჯახზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერია. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ერთმანეთის სიყვარული არ უნდა დავკარგოთ. იმაზე უკეთესი არაფერია, როდესაც გიყვარს შენი ხალხი, შენი ოჯახის წევრები და, პირველ რიგში, შენი ქვეყანა - აი, მაშინ ხარ ბედნიერი.მინდა, ჩემი ეს სიყვარული თქვენც გაიზიაროთ. მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და უზომოდ მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემ მიმართ ასეთი თბილი განწყობითაა სავსე.