ჩინეთის სამხრეთში ნამდვილი სტიქიური უბედურება დატრიალდა. ტროპიკულმა შტორმმა "მაისაკმა", რომელმაც მანამდე ვიეტნამსა და ჰაინანის პროვინციას გადაუარა, ახლა ქვეყნის შიდა რეგიონებს შეუტია.
სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები სასწრაფოდ დაეტოვებინა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გუანსის პროვინციაში. ქალაქ ნანინგში ტაიფუნმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალაქის ვიცე-მერის, ვეი ძიანის განცხადებით, წყალდიდობამ 55 000-მდე ადამიანი დააზარალა, საიდანაც 48 000-ის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ სამ რეზერვუარში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა, რის გამოც წყალმა ჯებირები გაარღვია. ქალაქ გუიგანგში კი ფართო გზები ნამდვილ ტბებად იქცა, სადაც დატბორილი ავტომობილები წყლის ნაკადს მიაქვს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები სტიქიას:
ქალაქ ფანგჩენგანგში წყლის ნაკადმა მცირე ზომის ავტომობილი გაიტაცა.ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს საკუთარი ელექტრო სკუტერი გადაარჩინოს, რათა წყალმა არ წაიღოს.სტიქიის ზონაში გამოცხადებულია განგაშის უმაღლესი დონე, რადგან მოსალოდნელი ძლიერი წვიმები სამაშველო ოპერაციებს კიდევ უფრო აფერხებს.

სტიქია მხოლოდ სამხრეთით არ შემოიფარგლება. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერ წვიმებსა და მოულოდნელ წყალდიდობებს კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
თუმცა, ჩინეთისთვის კოშმარი ამით არ სრულდება. მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ წყნარი ოკეანიდან ქვეყნისკენ სუპერ ტაიფუნი "ბავი" მოემართება. მისი ქარის სიმძლავრე საათში 290 კილომეტრს (180 მილი) აღწევს და ვარაუდობენ, რომ ის ხუთშაბათიდან აღმოსავლეთ ჩინეთს დაატყდება თავს,.

ექსპერტები ამ უკიდურესად აგრესიულ ამინდებს გლობალურ კლიმატურ კრიზისს უკავშირებენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, მსგავსი სტიქიური მოვლენები ჩინეთის ეკონომიკას ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარის ზარალს აყენებს, რადგან წყდება ინდუსტრიული საქმიანობა და ნადგურდება ნათესები.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მომდევნო დღეებში ძლიერ ნალექს ელიან, 150 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.