ავტორი:

"ღამის ნადირობა" ბენზინზე, 8-ტრილიონიანი ხვრელი და 209 000 დახურული კომპანია - როგორ მოქმედებს საწვავის კრიზისი რუსეთის ეკონომიკაზე?

"ღამის ნადირობა" ბენზინზე, 8-ტრილიონიანი ხვრელი და 209 000 დახურული კომპანია - როგორ მოქმედებს საწვავის კრიზისი რუსეთის ეკონომიკაზე?

რუსეთში ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. უკრაინასთან ომის მეხუთე წელს ქვეყანა ისეთ ეკონომიკურ შოკებს ეჯახება, რომელთა დაფარვაც "სარეზერვო ფონდებით" უკვე შეუძლებელია.

ბენზინის დეფიციტი, ბიზნესების მასობრივი გაკოტრება და ინფრასტრუქტურული კოლაფსი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც რუსეთის მოქალაქეების ყოველდღიურობად იქცა.

  • "ღამის ნადირობა" და ბენზინი QR კოდებით

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში საწვავის კრიზისია. მოსკოველი ვლადიმერი (სახელი შეცვლილია) ყოველ საღამოს "ღამის ნადირობაზე" გადის. ის შუაღამისას საწვავის გასამართ სადგურებს სტუმრობს იმ იმედით, რომ სადმე ბენზინს იპოვის. რიგებში ადამიანები საათობით დგანან, ზოგან კი სპეციალური ფურცლები აქვთ, სადაც რიგის ნომრებს ინიშნავენ.

ხშირია ჩხუბიც ადგილების გამო.

ვითარება იმდენად მწვავეა, რომ:

  1. სევასტოპოლსა და ზაბაიკალის მხარეში ბენზინის გაყიდვას QR კოდებით გეგმავენ.
  2. ბენზინგასამართ სადგურებთან პოლიცია და ნაციონალისტური დაჯგუფებები მორიგეობენ, რათა რიგებში დაპირისპირება თავიდან აიცილონ.
  3. დაწესებულია მკაცრი ლიმიტები: ბევრგან ერთ ავტომობილზე 30 ლიტრზე მეტს არ გასცემენ.

ბიუჯეტის 8-ტრილიონიანი "ხვრელი" და დაცარიელებული რეზერვები

რუსეთის ბიუჯეტი კატასტროფულ დეფიციტს განიცდის. 2026 წლის 26 ივნისის მონაცემებით, ბიუჯეტის დეფიციტმა თითქმის 8 ტრილიონ რუბლს მიაღწია, მაშინ როცა დაგეგმილი მხოლოდ 5 ტრილიონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ირანისა და ისრაელის ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა, რუსეთის ნავთობგაზის შემოსავლები მაინც 23%-ით შემცირდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანას რეზერვები აღარ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კეთილდღეობის ფონდში (FNB) 13 ტრილიონი რუბლია, აქედან მხოლოდ 3,5 ტრილიონია ლიკვიდური აქტივი, რომლის სწრაფად გაყიდვა და ბიუჯეტის ხვრელის ამოვსებაა შესაძლებელი. დანარჩენი თანხა რუსული კომპანიების აქციებშია დაბანდებული, რასაც სახელმწიფო ასე მარტივად ვერ გამოიტანს.

  • 209 000 დახურული ბიზნესი

ეკონომიკური შოკების ფონზე, რუსეთში მცირე და საშუალო ბიზნესი მასობრივად ნადგურდება. 2026 წლის დასაწყისში 209 000 კომპანია დაიხურა, რაც 9%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. განსაკუთრებით დაზარალდა მოდის ინდუსტრია, კვების ობიექტები და სილამაზის სალონები.

ბიზნესის გაკოტრების მთავარი მიზეზებია:

  1. გაზრდილი გადასახადები: დღგ-ის (НДС) მატება და საგადასახადო შეღავათების გაუქმება.
  2. ციფრული იზოლაცია: ინტერნეტის ხშირი გათიშვა და Telegram-ისა და WhatsApp-ის ბლოკირება.
  3. ძვირი კრედიტები: ცენტრალური ბანკის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რაც ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
  4. სამოქალაქო სექტორი ფაქტობრივად სტაგნაციაშია, ერთადერთი მიმართულება, სადაც ზრდა ფიქსირდება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია.

ეკონომისტების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკას განვითარების პერსპექტივა აღარ აქვს. ქვეყანა მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის, ამის მიზეზი ცუდი დემოგრაფია, ხალხის ფრონტზე წასვლა და მასობრივი ემიგრაციაა.

წყარო