ავტორი:

რას წერს აზერბაიჯანული მედია თბილისში მოკლული ქალის საქმეზე - ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს: დეტალები

რას წერს აზერბაიჯანული მედია თბილისში მოკლული ქალის საქმეზე - ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს: დეტალები

თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობის რეზონანსული საქმე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ, უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო პორტალი „მუსავატი“ ავრცელებს. ამ დროისთვის საქმეზე ახალი, აქამდე უცნობი დეტალები და დანაშაულის სავარაუდო ქრონოლოგია ხდება ცნობილი.

  • გამოძიების პირველადი მასალების მიხედვით, აზერბაიჯანის აღჯაბადის რაიონის მცხოვრები ფატიმა ქერიმოვა საქართველოში თავის შეყვარებულთან, ქენან ალიევთან ერთად ჩამოვიდა. წყვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, მამაკაცმა ქალს პასპორტი დაუხია, რათა მას სამშობლოში დაბრუნება ვერ მოეხერხებინა. ამის შემდეგ ქენან ალიევი თავად გადავიდა აზერბაიჯანში, ფატიმა ქერიმოვა კი თბილისში, უსაბუთოდ და სრულიად უმწეო მდგომარეობაში დატოვა.

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა დახმარებისთვის აზერბაიჯანში მყოფ ბიძაშვილს, ე. ალიევს მიმართა და საქართველოში ჩამოსვლა სთხოვა. ე. ალიევი თბილისში ჩამოვიდა, თუმცა, დახმარების ნაცვლად, მან ბიძაშვილი გაგუდა, რის შემდეგაც კვალის არევის მიზნით სასწრაფოდ თურქეთში გადავიდა.

მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ე. ალიევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. თურქ კოლეგებთან ოპერატიული თანამშრომლობის შედეგად, ეჭვმიტანილი თურქეთის ტერიტორიაზე დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, სადაც მას სასამართლო ელოდება.

საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პროკურატურას. მიმართვაში გამოთქმულია მზადყოფნა, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ გამოძიებას ნებისმიერი საჭირო სამართლებრივი თუ ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრული და ობიექტური შესწავლა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მკაცრად და პრინციპულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და კანონიერ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ წერტილშია ჩადენილი მათ წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ აქტიურად გრძელდება.

წაიკითხეთ ასევე: