მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2026 4-5 ივლისს, Lisi Wonderland-ში ჩატარდა და ორი დღის განმავლობაში ათასობით მუსიკის მოყვარულს უმასპინძლა.
ფესტივალის პირველ დღეს, მთავარი სცენა ინგლისურმა როკბენდმა Slowdive-მა დახურა. ფესტივალის სტუმრებმა ასევე მოუსმინეს ქართველ ბენდებს Bedford Fall-სა და MokuMoku-ს, ხოლო მთავარ სცენაზე შვედი მუსიკოსი ჯეი-ჯეი იოჰანსონიც წარდგა.


ფესტივალი მსმენელს ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მეორე დღეს მთავარი სცენა დაიკავეს Hooverphonic-მა, Molchat Doma-მ, ჯგუფმა „არა“, კორძიმ და „ანა ბანას“ ბავშვებმა, Mechanicalrainbow-მ ლექსო რატიანის ბენდმა.



მუსიკალური პროგრამა წელსაც სამ სხვადასხვა სცენაზე იყო განაწილებული, სადაც უცხოელ არტისტებთან ერთად ქართველი მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ.
„წლევანდელი TOA ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გვიხარია, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, Lisi Wonderland-ში ეს ორი განსაკუთრებული დღე ერთად გავატარეთ.
უკვე ამდენი წელია, თქვენთან ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით. ყოველ წელს გვემატება ახალი თაობა — როგორც არტისტების, ისე მსმენელების.
2026 წელი სიახლეებითაც გამორჩეული იყო: ზამთარში პირველად ჩავატარეთ Tbilisi Open Air Winter Edition, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა. TOA 2026-ს შეუერთდა ჩვენი მეგობარი Mzesumzira-ს სცენა, ხოლო Zion Garden-მა წელს 10 წლის იუბილე აღნიშნა.
დიდი მადლობა ასეთი საოცარი მუხტისა და ენერგიის შექმნისთვის! გვახსოვდეს, რომ მუსიკა ათავისუფლებს!“ — აღნიშნეს Tbilisi Open Air-ის წარმომადგენლებმა.
Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ის კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებად ითვლება. ყოველ წელს მას ათიათასობით სტუმარი ესწრება როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.

ავტორი: თეკლა ჯანელიძე
ფოტო: ვანო გორგიშვილი, ნანკა ბაღათურია