განახლებული DevOps სამაგისტრო პროგრამა AI ინტეგრაციით BTU-ში და ახალი 1+1 ფორმატი

განახლებული DevOps სამაგისტრო პროგრამა AI ინტეგრაციით BTU-ში და ახალი 1+1 ფორმატი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა განაახლა ინფორმაციული სისტემების მართვის (DevOps) სამაგისტრო პროგრამა და ის თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზრის მოთხოვნებს უფრო მეტად აკმაყოფილებს.

პროგრამა აერთიანებს DevOps-ის პრაქტიკულ ცოდნას, Cloud ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტებს. განახლებული კურიკულუმის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან AI-ის გამოყენებას ინფრასტრუქტურის მართვაში, Infrastructure as Code (IaC)-ში, Docker-ისა და Kubernetes-ის გარემოში, CI/CD პროცესების ავტომატიზაციაში, Serverless არქიტექტურებში, AWS-ის AI სერვისებთან მუშაობასა და თანამედროვე პროექტების მართვის პლატფორმებში.

პროგრამას დაემატა ორი ახალი სასწავლო კურსიც:

  • AI Literacy & AIOps, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ინფრასტრუქტურის მონიტორინგსა და მართვაში ასწავლის;
  • Applied AI/ML Services on AWS, რომელიც სტუდენტებს რეალურ ბიზნეს ამოცანებზე Amazon Bedrock-ის, Amazon Textract-ისა და სხვა AI სერვისების გამოყენების გამოცდილებას აძლევს.

სწავლება დაფუძნებულია პრაქტიკულ პროექტებზე, AWS-ის გარემოში Hands-on ლაბორატორიებსა და თანამედროვე ინდუსტრიული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რაც სტუდენტებს რეალური სამუშაო გარემოს გამოცდილებას აძლევს.

განახლებულია პროგრამის სტრუქტურაც. სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება 1+1 ფორმატით და შედგება ორი დამოუკიდებელი, თითოეული 60-კრედიტიანი ნაწილისგან.

პირველ ეტაპზე ჩარიცხვა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენის ცოდნისა და სპეციალობის გამოცდის საფუძველზე. ერთი აკადემიური წლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება Master of Information Systems – ინფორმაციული სისტემების მაგისტრის კვალიფიკაცია.

სურვილის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე ნაწილზე და დამატებით 60 კრედიტის დასრულების შემდეგ მიიღოს Research Master of Information Systems – ინფორმაციული სისტემების კვლევის მაგისტრის ხარისხი.

პირველი ნაწილის კურსდამთავრებულებს მეორე ეტაპზე სწავლის გაგრძელება შეუძლიათ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან ხუთი წლის განმავლობაში საერთო სამაგისტრო გამოცდების ხელახლა ჩაბარების გარეშე. ხოლო სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენის B2 დონის დადასტურებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

განახლებული პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოზე და ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ DevOps-ის, Cloud ინფრასტრუქტურისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებულად გამოყენებას რეალურ ბიზნესსა და საერთაშორისო პროექტებში.

R