ავტორი:

სასწავლო ფრენის დროს ინსტრუქტორმა კაბინის კარი გააღო და გადახტა - არგენტინაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სასწავლო ფრენის დროს ინსტრუქტორმა  კაბინის კარი გააღო და გადახტა - არგენტინაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

არგენტინაში სტუდენტი პილოტი იძულებული გახდა, თვითმფრინავი მარტოს დაესვა, რადგან ფრენის დროს მისი ინსტრუქტორი საჰაერო ხომალდიდან გადახტა.

22 წლის გოგონა 42 წლის ინსტრუქტორთან, ლეანდრო ბერტაცოსთან ერთად, Cessna C-150 ტიპის თვითმფრინავით სასწავლო ფრენას ასრულებდა, როდესაც ამ უკანასკნელმა საფრენი აპარატის ბორტი დატოვა. გამოძიება ჯერ კიდევ ადგენს ტრაგიკული შემთხვევის მიზეზებს.

თავად სტუდენტმა, რომელსაც, სავარაუდოდ, პილოტის ლიცენზია უკვე ჰქონდა, თუმცა მცირე გამოცდილებით გამოირჩეოდა განაცხადა, რომ ინსტრუქტორმა კარი გააღო და გადახტა.

მიუხედავად მის თვალწინ დატრიალებული შემზარავი ტრაგედიისა, გოგონამ მაინც მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება და Cessna C-150 უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად დასვა “კორონელ ოლმედოს აეროდრომზე“ , საიდანაც უკვე მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა.

ლეანდრო ბერტაცო, რომელიც სოციალურ ქსელში თავს ჩილეს ყოფილ კომერციულ პილოტად მოიხსენიებდა, ინციდენტიდან 20 წუთის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს იმ მინდორზე, რომელიც სტუდენტმა სავარაუდო ვარდნის ადგილად მიუთითა.

არგენტინული მედია ახალბედა პილოტის მონაყოლს ავრცელებს, მისი თქმით “გარკვეულ მომენტში ლეანდრომ მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “შენ იცი, რაც უნდა გააკეთო, განაგრძე წინსვლა“. ამის შემდეგ ყურსასმენები მოიხსნა, თავისი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი დააწყო, შეიხსნა უსაფრთხოების ღვედი, გააღო კარი (რაც ჰაერში ძალიან რთული გასაკეთებელია) და გადახტა“.

წყარო