ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ამ ჩვენს ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ აკვიატებიდან ვერ გამოდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ჯო უილსონის მიერ იყო დაინიცირებული.
"ჩვენმა დელეგაციამ ადეკვატური პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ამ ჩვენს ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ აკვიატებიდან ვერ გამოდის. იყო მისი ცნობილი სამსართულიანი მიმართვა საქართველოს შესახებ, როგორც პრორუსულის, პროჩინურის, პროირანულიის, პოლიტიკური განცხადებების ასეთი პროფანაციის შემდეგ, რაც მისი პირიდან გვესმის ხოლმე, სერიოზულად არ უნდა [მოვეკიდოთ]. ამას გვირჩევენ მათ შორის ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ჯო უილსონს. როგორც აკვიატების მქონე ადამიანს ექცევიან, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავატაროთ. მით უმეტეს, ახლა გამოვიდა ინფორმაცია მასა და ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირების შესახებ და აქაც კარგად გამოჩნდა, რომ მარტო ჩვენს მიმართ კი არ აქვს აკვიატება, მოაბეზრა თავი თავის დელეგაციის ხელმძღვანელსაც კი თავისი აკვიატებებით. ამერიკაში აღარ დაგინახო ჩამოსულიო, ასე უთხრა. ქართულ საზოგადოებასაც მოაბეზრა თავი თავისი აკვიატებული დამოკიდებულებით. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, მთავარია ჩვენ ამ ადამიანის ქცევაზე ნერვი არ ავიშალოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
8 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის - „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა" მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: „გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.