ავტორი:

კომოს ტბასთან მდებარე სოფელში ტურისტებს საცურაო კოსტიუმითა და მოშიშვლებული მკერდით სიარული აეკრძალათ - რამდენი ევროთი დაჯარიმდებით თუ რეგულაციას დაარღვევთ

კომოს ტბასთან მდებარე სოფელში ტურისტებს საცურაო კოსტიუმითა და მოშიშვლებული მკერდით სიარული აეკრძალათ - რამდენი ევროთი დაჯარიმდებით თუ რეგულაციას დაარღვევთ

იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე მდებარე პოპულარულ ტურისტულ სოფელ ვარენაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ამიერიდან, სოფლის ქუჩებში შიშველი მკერდით, ან მხოლოდ საცურაო კოსტიუმით გადაადგილება აკრძალულია, ხოლო წესების დამრღვევებს 50-დან 200 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ.

  • ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება ტურისტების მზარდმა ნაკადმა განაპირობა. პატარა სოფელი, სადაც დაახლოებით 650 ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად ასობით ათას ვიზიტორს მასპინძლობს, რაც ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს.

ახალი წესების მიხედვით, საცურაო კოსტიუმი მხოლოდ პლაჟებსა და ტბაზე ნავით სეირნობის დროს არის დასაშვები. სოფლის ქუჩებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ეკლესიებსა და სხვა საჯარო ადგილებში ვიზიტორებს შესაბამისი ტანსაცმლის ტარება მოეთხოვებათ.

რეგულაციები მხოლოდ ჩაცმულობას არ ეხება. ამიერიდან ტურისტული ჯგუფების მაქსიმალური რაოდენობა 25 ადამიანით განისაზღვრა, მათ ეკრძალებათ ვიწრო ქუჩების გადაკეტვა, ხოლო გიდებს ხმის გამაძლიერებლების გამოყენება აღარ შეეძლებათ.

"ვარენა შესანიშნავი სოფელია და ვამაყობთ, რომ ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ათასი სტუმარი გვსტუმრობს, თუმცა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი მასობრივი ტურიზმის მსხვერპლი არ უნდა გახდეს“, - განაცხადა სოფლის მერმა, მაურო მანზონიმ.

ახალ რეგულაციებს ადგილობრივების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის თქმით, პლაჟზე დამსვენებლებს შეუძლიათ ისე ჩაიცვან, როგორც სურთ, თუმცა სოფელში სეირნობისა და საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისას შესაბამისი ჩაცმულობის დაცვა აუცილებელია.

ვარენა არ არის ერთადერთი იტალიური ქალაქი, რომელიც ტურისტებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს. 2022 წელს სორენტომაც აკრძალა ქუჩებში საცურაო კოსტიუმითა და შიშველი მკერდით გადაადგილება, ხოლო 2023 წელს პორტოფინოში გარკვეულ ადგილებში ხანგრძლივი გაჩერება და სელფების გადაღება შეიზღუდა, რათა ტურისტების დიდი ნაკადით გამოწვეული პრობლემები შემცირებულიყო.

წყარო