კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი "ოდისეა“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ლონდონში გაიმართა, უკვე მოექცა კინოკრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. ჰომეროსის ეპიკური პოემის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს მეთ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთევეი და რობერტ პატინსონი ასრულებენ, წლის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კინო ნამუშევრად შეაფასეს.
IndieWire-ის რედაქტორის, ენ ტომპსონის შეფასებით, იგი უკვე შეიძლება ოსკარის საუკეთესო ფილმის კატეგორიის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ჩაითვალოს. მისი თქმით, მეთ დეიმონს რეალური შანსი აქვს, საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
"ჩემი მაღალი მოლოდინები სრულად გამართლდა. ფილმი საოცარია", - წერს ტომპსონი.
"ეს აბსოლუტური ტრიუმფია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნოლანის მთელი გამოცდილება IMAX-ის ფორმატში სწორედ ამ ფილმში აღწევს კულმინაციას", – ამბობს დევისი.
მისივე შეფასებით, ფილმის ვიზუალური მხარე, მასშტაბური საბრძოლო სცენები და დეკორაციები გამორჩეულია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება რობერტ პატინსონის შესრულებამ მიიპყრო. მსახიობი ბოროტმოქმედ ანტინოუსს განასახიერებს და, დევისის თქმით, სწორედ ის იქცევა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად.
"პატინსონი ერთდროულად მზაკვრული, მანიპულატორი და საოცრად საინტერესოა. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია", – აღნიშნა კრიტიკოსმა.
დადებითი შეფასებები გაავრცელეს სხვა კინოკრიტიკოსებმაც. მეტ ნეგლიამ ფილმს "მასშტაბური კინემატოგრაფიული მიღწევა“ უწოდა, ხოლო დევიდ ერლიხის შეფასებით, "ოდისეა“ უფრო ბუნებრივი და ემოციურია, ვიდრე ნოლანის წინა ნამუშევარი – "ოპენჰაიმერი“.
დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ბიუჯეტით გადაღებული "ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. ანალიტიკოსების შეფასებით, ფილმს კომერციული წარმატებისთვის მსოფლიო კინოგაქირავებაში მინიმუმ 500 მილიონი დოლარის შემოსავალი დასჭირდება.