ოჰაიოს შტატში, ვინტონის ოლქში მდებარე სახლიდან 1-დან 18 წლამდე ასაკის 16 ბავშვი გამოიყვანეს. გამომძიებლების თქმით, ისინი წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.
სახელმწიფო ჩანაწერების მიხედვით, ელიზაბეთ საიდერსმა, რომელსაც მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ, 2022 წელს სიამის ტყუპები გააჩინა, რომლებიც დაბადებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალნენ.
ადგილობრივი გამოცემა WOWK 13-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების თანახმად, 33 წლის ელიზაბეთ საიდერსს ქალიშვილები — ბეილი ლი და ფეით ლი საიდერსები 2022 წლის 20 ნოემბერს, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში მდებარე რივერსაიდის მეთოდისტურ საავადმყოფოში შეეძინა.
ჩანაწერების მიხედვით, ტყუპები ორსულობის 24-ე კვირაზე დაიბადნენ. მათ თორაკოპაგუსი ჰქონდათ. ეს არის იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვების გულ-მკერდის არე და სხეულის ნაწილები საშვილოსნოში ერთმანეთთან არის შერწყმული. ეს სიამის ტყუპების ყველაზე გავრცელებული ტიპია.

ოჯახის ნათესავის, რონი ფლეტჩერის განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ გარი უმცროსსა და ელიზაბეტს დიდი ოჯახი ჰქონდათ, თუმცა ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ:
“16 ბავშვის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როდესაც ჩვენი ნათესავების დაპატიმრების შესახებ ახალი ამბები ვნახეთ. მთელი ოჯახი შოკშია. ბავშვების გამო ძალიან ვწუხვართ, რომ გვცოდნოდა, რა ხდებოდა იმ სახლში, ბავშვებს თავად წავიყვანდით ან ფინანსურად მაინც დავეხმარებოდით. ზუსტად არც კი ვიცოდით, სად ცხოვრობდნენ. ზოგჯერ გვეგონა, რომ მისამართიც არასწორი იყო. ის სახლი პირველად ტელევიზორში ვნახეთ“, - განაცხადა მან ადგილობრივ ტელეარხ WOWK 13-თან.

ფლეტჩერმა ასევე გაიხსენა გარი უმცროსისა და ელიზაბეტის ურთიერთობა. მისი თქმით, ისინი 2008 წელს დაქორწინდნენ, როდესაც ელიზაბეტი 15 წლის იყო, ხოლო გარი 18-ის. წყვილის პირველი შვილი ქორწინებიდან ორი თვის შემდეგ დაიბადა.
გამომძიებლების ინფორმაციით, ბავშვები დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ 12x12 ფუტის ზომის (დაახლოებით 3.6x3.6 მეტრი) ოთახში, რომელიც ადამიანის ექსკრემენტებით იყო სავსე. ადგილობრივმა ხელისუფლების განცხადებით, ფერმაში პირუტყვიც კი უკეთეს გარემოში ცხოვრობდა.

ხელისუფლების ცნობით, 16 ბავშვიდან ბევრს სკოლაში არასოდეს უსწავლია. ზოგიერთ მათგანს ლაპარაკიც არ შეუძლია. ყველაზე უფროსს განვითარების შეფერხება აქვს და საკუთარი სახელის დაწერაც არ შეუძლია.
ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირების ცნობით, რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია, ერთ ბავშვს ინტუბაცია დასჭირდა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მოსამართლემ მათ გირაოს სახით 300 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს უვადო პატიმრობა ემუქრება.