ავტორი:

40 ათასიანი ექსკლუზიური "ლუქი" და ქართველი დიზაინერი გვერდით - რა არის ცნობილი სოფია როტარუს მოდელ შვილიშვილზე, რომელიც პარიზში ბიჭოლასთან ერთად გამოჩნდა

40 ათასიანი ექსკლუზიური "ლუქი" და ქართველი დიზაინერი გვერდით - რა არის ცნობილი სოფია როტარუს მოდელ შვილიშვილზე, რომელიც პარიზში ბიჭოლასთან ერთად გამოჩნდა

პარიზის მაღალი მოდის კვირეული (Fashion Week), თავისი ბრწყინვალებითა და ექსკლუზიურობით, ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა წელს Schiaparelli-ის მოდის სახლის ჩვენებაზე განსაკუთრებული სენსაცია 78 წლის ლეგენდარული მომღერლის, სოფია როტარუს შვილიშვილმა გამოიწვია. 25 წლის მოდელმა და ინფლუენსერმა, სოფია ევდოკიმენკომ, წითელ ხალიჩაზე ისეთი ეფექტური და ძვირადღირებული იმიჯი წარადგინა, რომ ავტორიტეტული უცხოური გამოცემების ყურადღება მიიპყრო და ყველაზე გემოვნებიან სტუმართა სიებშიც მოხვდა.

  • განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჩვენებაზე მას გვერდს ცნობილი ქართველი დიზაინერი და სტილისტი ბიჭოლა უმშვენებდა, რომელიც პარიზულ ღონისძიებაზე მოდის სახლის სტუმრებთან ერთად გამოჩნდა.

ავტორიტეტულმა ამერიკულმა მოდის გამოცემამ, The Zoe Report-მა, უკრაინელი მოდელი 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის მაღალი მოდის კვირეულის ყველაზე სტილურად ჩაცმულ სტუმრებს შორის შეიყვანა. ჟურნალისტებმა სოფია მისი მკვეთრი, თეატრალური და სკულპტურული სილუეტის გამო გამოარჩიეს. მოდის სამყაროში სოფია ცნობილია ფსევდონიმით სოფია ივი (Sofia Eve) – სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ მას დასავლელი კრიტიკოსებიც.

გარდერობი 1.7 მილიონ გრივნა

სოფიამ პირველი დღის ჩვენებისთვის Schiaparelli-ის ექსკლუზიური „ლუქი“შეარჩია, რომლის საერთო ღირებულებაც 40 ათას ევროს (დაახლოებით 1.7 მილიონ გრივნას) აჭარბებს.

გოგონას კაშკაშა წითელი, უსახელო, ნაქსოვი ტოპი ეცვა, რომლის ღირებულება ბრენდის ოფიციალურ საიტზე 4 800 ევროა.

მიუხედავად მდიდრული ტანსაცმლისა, სოფიას ლუქის მთავარი და ყველაზე ძვირადღირებული აკორდი აქსესუარები აღმოჩნდა. მხოლოდ სამკაულებმა და ჩანთამ 29 ათასი ევრო (თითქმის 1.5 მილიონი გრივნა) შეადგინა, წერს უკრაინული მედია.

მოდელის მაჯებს ამშვენებდა Schiaparelli-ის ორი მასიური, კასკადური ოქროს სამაჯური, რომლებსაც ჩამოკიდებული, მხატვრული ფუნჯების ფორმის ელემენტები ჰქონდა. თითოეული სამაჯურის ფასი 7 500 ევროა (ჯამში 15 000 ევრო).

ხელში სოფიას ეჭირა ბრენდის საფირმო ნიშნით შექმნილი, ოქროსფერი მყარი „კლატჩი“, რომელსაც გულზე დადებული ხელის ფორმა აქვს და კრისტალებით არის გაფორმებული. ეს ექსკლუზიური აქსესუარი 14 000 ევროდ არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანთა მისი გარდერობის ნაწილია – ამავე აქსესუარით საზოგადოებაში 2026 წლის გაზაფხულზეც გამოჩნდა.

ნიუ-იორკული ცხოვრება, მილიონერი საქმრო და ოჯახური სკანდალები

სოფია ევდოკიმენკო მომღერალ სოფია როტარუს ერთადერთი ვაჟის, რუსლანის ქალიშვილია. მას ჰყავს უფროსი ძმა, ანატოლი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დიდ სკანდალში გაეხვა, როდესაც ქვეყნიდან არალეგალურად გასვლას ცდილობდა.

თავად სოფია უკვე დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობს, სადაც განათლების მისაღებად გადავიდა და ნიუ-იორკის პრესტიჟული პარსონსის დიზაინის სკოლა (Parsons School of Design) დაასრულა. ამჟამად ის აქტიურად მისდევს სამოდელო კარიერას, თანამშრომლობს მსოფლიო ბრენდებთან და წარმატებულ ბლოგს უძღვება.

სოფიას პირადი ცხოვრებაც მუდმივად ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრშია. ინსაიდერების ინფორმაციით, ის ამჟამად ხვდება ამერიკელ მეწარმეს, მაქს ლერნერს – ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრეს (მისი ბაბუა, ალფრედ ლერნერი, მსხვილი საბანკო ჰოლდინგის, MBNA Corporation-ის დამფუძნებელი იყო). ლერნერამდე სოფიას რომანი ჰქონდა უკრაინელ IT-მეწარმე დენის ჟადანოვთან და Forbes-ის რეიტინგის სათავეში მყოფ კიდევ ერთ ბიზნესმენთან.

მსოფლიო ელიტა Schiaparelli-ის გარშემო: ბიჭოლა და ვარსკვლავური სტუმრები

ამავე ჩვენებაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან – პოპულარულ მუსიკოს Bad Bunny-სთან, მსახიობ ემა კორინთან და მოდის ინდუსტრიის ლეგენდა ვერა ვონგთან ერთად, ყურადღების ცენტრში მოექცა დიზაინერი ბიჭოლაც. იგი აქტიურად პოზირებდა კამერების წინ და ჩვენებაზე ერთ-ერთ მთავარ სტუმარს, რუს ინფლუენსერ და ბლოგერ დაშა პოპოვას ("გაზპრომბანკის" ხელმძღვანელის მეუღლეს) ახლდა თან, რომელიც ასევე Schiaparelli-ის გრძელ, გამჭვირვალე ჩანართებიან შავ კაბაში იყო გამოწყობილი.

სტუმრებს შორის დასავლურმა მედიამ ასევე შენიშნა სტილისტი ვიტა კლაცი და გაქცეული ბანკირის ყოფილი ცოლი, ტატიანა კორსაკოვა.