მარიჯანის #4-ში, სადაც უხვი ნალექის შედეგად სამშენებლო მოედანზე ქვაბულის ფერდი ჩამოიშალა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების სამშენებლო ობიექტია - არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ხელშეკრულებით სამშენებლო სამუშაოებზე აქვს ნაკისრი ვალდებულება, დედაქალაქის მერიას არ მოუყვანია! ჩვენ დაზარალებულ ოჯახებს იმის შესაძლებლობა მივეცით, რომ თავად გადაეწყვიტათ, სამშენებლო ობიექტზე რომელი კომპანია მოეყვანათ, - ეს განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძის განცხადებითვე, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
"წლების განმავლობაში, “ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ათასობით ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას ელოდა. აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ ათასობით ოჯახი გააუბედურა. დედაქალაქის მერიას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ ამ ოჯახებს და თუნდაც “ცენტრ-პოინტის“ მეპატრონეებს დავხმარებოდით. ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს, ვინც წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართს ელოდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ამ სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულება, დედაქალაქის მერიას არ მოუყვანია. ჩვენ დაზარალებულ ოჯახებს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ თავად გადაეწყვიტათ, სამშენებლო ობიექტზე რომელი კომპანია მოეყვანათ. ეს თვითონ დაზარალებულმა ოჯახებმა გადაწყვიტეს.
რაც შეეხება მარიჯანის #4-ში მდებარე ავარიულ შენობას, განხორციელდა ამ შენობის დემონტაჟი. ქვაბული შენობის დემონტაჟის შედეგად არის წარმოქმნილი, სადაც შემდგომ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. არის კომპანია “ნექს დორი“, რომელიც მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახების გადაწყვეტილებით იქნა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.
კომპანია “ნექს დორს“ ორ ლოკაციაზე აქვს ნაკისრი ვალდებულება და აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ “ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება მოხდეს. მარიჯანის 4-ში საცხოვრებელი ფართით 433 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს. კომპანია “ნექს დორი“ სამშენებლო სამუშაოებს ასევე ვაშლიჯვარში ასრულებს, სადაც 17 სართული უკვე აშენებულია, დარჩენილია 5 სართული, სამუშაოები ძალიან კარგად მიდის და 114 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა.
მარიჯანის 4-ში სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, სამშენებლო ნებართვაში კორექტირების შეტანა ვთხოვეთ, რადგან აღნიშნულ მისამართზე ძველი კოლექტორი გადის, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს.
იყო სპეკულაციები თითქოს აღნიშნულ კომპანიას ფართების გაყიდვის საშუალება არ ეძლევა და რა ცუდია თურმე მერია. დიახ, ფართების გაყიდვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში დაგიცვათ თქვენ - დაზარალებული მოსახლეობა, რომ ისევ მოტყუებული არ აღმოჩნდეთ. პირველ რიგში, თქვენ უნდა დაკმაყოფილდეთ და კომპანია “ნექს დორმა“ პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ, ხოლო ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მათ საცხოვრებელი ფართების გასხვისების საშუალება მიეცემათ - რა არის ამაში ცუდი, რომ ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ ისევ მოტყუებული არ დარჩეთ?! მერე რას აკეთებთ, აღნიშნულმა კომპანიამ რომ მოგატყუოთ და ფართები არ გადმოგცეთ?! ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში, თქვენ იყოთ კმაყოფილი და არ დარჩეთ მოტყუებული! ეს არის პასუხისმგებლობიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.