ავტორი:

"გვინდა, „რეფორმატორთა საბჭო“ იყოს საქმიანი კოალიცია, ადამიანებს ვუთხარით, მათ შორის, ვინც არ არიან ხუთიანის ამომრჩევლები, მიიღონ მონაწილეობა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"გვინდა, „რეფორმატორთა საბჭო“ იყოს საქმიანი კოალიცია, ადამიანებს ვუთხარით, მათ შორის, ვინც არ არიან ხუთიანის ამომრჩევლები, მიიღონ მონაწილეობა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"რეფორმატორთა საბჭო“ შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად - მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერს უთხრას, ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, შევქმნათ ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ, შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენეთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი - მიხეილ სააკაშვილი ღიად არის "რეფორმატორთა საბჭოს" რიგითი წევრი, როგორც თავად ამბობს, მას არ მოსწონს ეს "ხელმძღვანელი", თუმცა მთავარი რეფორმატორია,- ასე განმარტავს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რითაც ის "ნაციონალურ მოძრაობას“ "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნის იდეას სთავაზობს.

  • როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნის პროცესი მუშა პროცესი იყო, რომელიც დახურულ ფორმატში განიხილებოდა. მისი თქმით, რეფორმების შექმნა მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიური ნიჭია, თავად კი ამაყია იმით, რომ ამ პროცესებში მონაწილეობს.

"რეფორმატორთა საბჭო“ შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე მიზეზის გამო. გვინდა, რომ იყოს საქმიანი კოალიცია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ არ უნდათ პარტიულობა. ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, "ყველა "ნაცია“, მაგრამ მეორე საკითხია, როცა პოლიტიკურ პარტიასთან აფილირება ასე პირდაპირ ხდება, რისი სურვილიც შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ეს პრობლემა მოვუხსენით ადამიანებს და ვუთხარით, რომ ნებისმიერ თქვენგანს, მათ შორის შეიძლება იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ხუთიანის ამომრჩევლები, მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა იმიტომ, რომ გვინდა- არ გვინდა, პოლიტიკური პროცესები მაინც წავა ისეთ ჭრილში, რომ პარტია როგორც იარაღი საჭირო გახდება ყველასთვის, ვინც ამ ბრძოლაშია. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა, არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერს უთხრას: ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად ვიმუშაოთ ამ ბრძოლის იარაღის გაძლიერებაზე, თქვენი შეხედულებების მიხედვით, რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, შევქმნათ ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ მომხიბვლელად და უფრო მიმზიდველად და შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენეთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისი განმარტებით, "რეფორმატორების საბჭო" არის დამოუკიდებელი, თუმცა პროცესში მონაწილეობას იღებენ პარტიული ადამიანებიც, წევრებიც და არამხოლოდ წევრებიც, მათ შორის არიან წარსულში მაღალი ჩინის მქონე ადამიანები. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პროცესი უნდა იყოს ძალიან გახსნილი.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც გავლენას პირიქით მოახდენს. ხოლო, ენმ-სგან დამოუკიდებელი იქნება იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოვთვალე იმიტომ, რომ საქმიანი კოალიციის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ იქ შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება უნდოდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა იყოს ენმ-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით ყველას, მოდით, გვემუშავეთ, ერთად ვიმუშაოთ ამ პროცესზე. შემდეგ, ეს ენმ-ს მისცემს რეკომენდაციას. მათ შორის იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრები და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა და სურვილი და ის აქამდე ვერ განახორციელა. ეს შექმნის წინადადებების, რჩევების ფორმატს, ამას პარტია გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს.ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც იგება თანამშრომლობის ფორმატი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.